ექვსაფსიდიანი ეკლესია, გუმბათოვანი ეკლესიის ტიპი, რომელმაც ქართული ხუროთმოძღვრების გარდამავალი პერიოდის ბოლოს, X ს-ში, საქართვ. სხვადასხვა პროვინციაში იჩინა თავი. იგი წარმოიშვა როგორც ტეტრაკონქის ძვ. ტიპის ერთგვარი დეკორ. გადამუშავების თუ განვითარების შედეგი. თუ არ ჩავთვლით ნინოწმინდის ტაძარს (VI ს., საგარეჯოს მუნიციპალიტეტი), ეს ერთადერთი სახეობაა ქართ. გუმბათიანი ტაძრებისა, რ-ებშიც გუმბათი კვადრატს არ ეყრდნობა. გუმბათის საყრდენად აქ გამოყენებულია რადიალურად განლაგებული აფსიდების ექვსი შვერილი. გარედან ე. ე. შედგება ორი ერთმანეთზე შესმული წახნაგოვანი ცილინდრისაგან: ქვემო, უფრო ფართო, შეიცავს თვით აფსიდებს. ზემო – გუმბათის ყელია. ამ ტიპის ცალკეული ნიმუშები საკუთარი თავისებურებით გამოირჩევა. ე. ე-ის ნიმუშებია: გოგიუბის, ქიაგლის-ალთის, ოლთისის, ბოჭორმის ეკლესიები, კაცხის ტაძარი. გენეტიკურად ამავე თემასთანაა დაკავშირებული კუმურდო და ნიკორწმინდა.
ლიტ.: ბერიძე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974; მისივე, Место памятников Тао-Кларджети в истории грузинской архитектуры, Тб., 1981 (ტექსტი აგრეთვე ფრანგ. ენაზე).
ვ. ბერიძე