ექიმბაშობა

ექიმბაშობა, კანონით აკრძალული ექიმობა, როდესაც მკურნალს არა აქვს სამედიცინო განათლება და სამკურნალოდ იყენებს მეცნიერულ საფუძველს მოკლებულ საშუალებებსა და პრიმიტიულ ხერხებს, რასაც თან ახლავს სხვადასხვა შელოცვა და რიტუალი. ე-ს დიდი ხნის ისტორია აქვს. ექიმბაშები დაავადების გამომწვევ მიზეზად ავ სულებს მიიჩნევდნენ. დროთა განმავლობაში ე. გამოეყო ხალხ. მედიცინას. იგი ხელობად, ექიმბაშის გამდიდრების წყაროდ იქცა. მეცნ. და ხალხ. მედიცინისაგან ნასესხები მკურნალობის სხვადასხვა ხერხისა და პრიმიტიული წესით დამზადებული წამლების უმეცრული გამოყენების შედეგად მკურნალობა ექიმბაშის ხელში ტლანქ, ზოგჯერ დანაშაულებრივ თაღლითობად იქცევა. საქართველოში ხალხ. მკურნალობის მაღალი დონე ყოველთვის ზღუდავდა ე-ის ფართოდ გავრცელებას. ჩვენს დროში ე. სხვადასხვა სახით კვლავ იჩენს ხოლმე თავს. იგი უაღრესად უარყოფითი და არქაული მოვლენაა. საქართვ. სისხლის სამართ. კოდექსი უკანონო საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობისათვის ითვალისწინებს სისხლის სამართ. პასუხისმგებლობას (მ. 246).

ი. ქურჩიშვილი