ექსლიბრისი (ლათ. ex libris – წიგნებიდან), გრაფიკულად შესრულებული წიგნის ნიშანი, იარლიყი, რომელიც მიკრულია წიგნის ყდის შიგნითა მხარეს, ზემო მარცხენა კუთხეში და გვამცნობს წიგნის მფლობელის ვინაობას (ბ-კას ან კერძო პირს). ე-ზე შეიძლება გამოსახული იყოს ემბლემა, დევიზი, მფლობელის პროფესიის ამსახველი სიმბოლური ნახატი ან ჰქონდეს სიუჟეტურ-თემატური ხასიათი. ნიშანი სრულდება კალმით, ტუშით, აკვარელით, ნაბეჭდი ე. კი – ცინკოგრაფიული, ქსილოგრაფიული, ოფორტის, ლითოგრ. და ლინოგრავიურის ტექნიკით. ე. XVI ს-ში პირველად გერმანიაში გამოჩნდა. ცნობილია გერმ. ფერმწერთა ა. დიურერის, ჰ. ჰოლბაინ უმცროსის, ლ. კრანახის ე-ები. ე-ის პირველი ქართ. ნიმუში XVII ს. ქართ. ხელნაწერშია შემონახული. XX ს. 20–30-იან წლებში ე-ზე ნაყოფიერად მუშაობდნენ მხატვრები (ვ. წილოსანი, ვ. გრიგოლია, ვ. ქუთათელაძე, დ. ციციშვილი, გ. ლეჟავა, ვ. თოფურიძე, ნ. ჩერნიშკოვი, დ. გაბაშვილი, ს. კეცხოველი, ლ. გუდიაშვილი), არქიტექტორები და სხვ. 1934 ქ. ლოს-ანჯელესში (აშშ) ე-ის საერთაშ. გამოფენაზე, მონაწილეობდნენ: ვ. წილოსანი, ვ. ქუთათელაძე, ვ. გრიგოლია (პირველი პრემია), დ. ციციშვილი (ვერცხლის მედალი). XX ს. 60–70-იან წლებში ე-ებს ქმნიდნენ: ნ. კანდელაკი, მ. თუშმალიშვილი, ი. თუმანიშვილი, ნ. ფოფხაძე და სხვ. 1972 საქართვ. ხელოვნ. მუზეუმში მოეწყო ვ. წილოსანის ე-ების კოლექციის გამოფენა, რამაც სტიმული მისცა ე-ის შემდგომ განვითარებას საქართველოში. ე-ების საინტერესო ნიმუშები შექმნეს ახალგაზრდა მხატვრებმა: ე. ჯოხაძემ, ტ. თუმანიშვილმა, ი. სამსონაძემ, კ. თოდუამ, ნ. ჭურღულიამ, ნ. ჯიქიამ, ნ. მუმლაძემ, ა. რიჟინაშვილმა. 1982 თბილისში, „მხატვრის სახლში”, მოეწყო ამიერკავკ. რესპუბლიკებისა და საკავშ. (1985) გამოფენები ე-ის დარგში. 2001, თბილისშივე მოეწყო „ქართველი მხატვრის ექსლიბრისის”, ხოლო 2002, 2009 – „თანამედროვე ქართული ექსლიბრისის” გამოფენები, რ-ზეც წარმოდგენილი იყო ლ. ლომთაძის, ნ. ზაალიშვილის, კ. ფაჩულიას და სხვათა ნამუშევრები.
მ. გაჩეჩილაძე