გუდანის ჯვარი

გუდანის ჯვარი, ღვთაება და მისი სახელობის სამლოცველო ხევსურეთში.

გადმოცემით, პირველად სანეს მთაზე დამკვიდრებულა, შემდეგ – სოფ. გუდანში. ხევსურულ სადიდებელთა ტექსტში მოიხსენიება საღვთო ბერი ბაადურის სახელით. გ. ჯ. ითვლებოდა ხევსურეთის 3 ძირითადი საგვარეულო-სათემო გაერთიანების – საარაბულოს, საჭინჭარაულოს, საგოგოჭუროს მთავარ ღვთაებად და მთელი ხევსურეთის საკულტო ცენტრად.

გ. ჯ-ში ხდებოდა საერთო საქმეების განსჯა-გადაწყვეტა (გარეშე მტერზე ლაშქრობა, დაზავება, მოსისხლეთა ძნელად მოსაგვარებელი საქმის გარჩევა, ჩვეულებითი სამართლის რჯულის კოდექსების დაცვა ან შეცვლა, წლის მანძილზე მოსალოდნელ ამბავთა წინასწარ შესატყობად ქადაგის დასმა და ა. შ.). იგი ძირითადად მოლაშქრე ღვთაებად მიაჩნდათ. მიეწერებოდა თავისი საყმოს დაცვა-პატრონობის ფუნქციაც (მოუსავლიანობის, ავადმყოფობის, ხიფათისა და სხვ. დროს). მისი კულტი გავრცელებული იყო მეზობელ მთიელებშიც (თუშეთი, ჩაჩნეთი, ინგუშეთი).

ლიტ.: ო ჩ ი ა უ რ ი  თ., მითოლოგიური გადმოცემები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, თბ., 1967; ჩიტაია გ., ეთნონიმიკური ხალხური გადმოცემები, «ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინ-ტის შრომები», 1955, ტ. 1; Бардавелидзе В. В., Древнейшие религиозные верования и обрядовое графическое искусство грузинских племен, Тб., 1957.

თ. ოჩიაური