ექსპერიმენტული ფსიქოლოგია

ექსპერიმენტული ფსიქოლოგია, ფსიქოლოგიის დარგებისა და განხრების საერთო დასახელება, სადაც ეფექტურად გამოიყენება ექსპერიმენტული მეთოდი, უმთავრესად ლაბორატორიული ექსპერიმენტი. ფსიქ. პროცესების ხელოვნურ გამოწვევას და აღნუსხვას, ანუ ფსიქოლ. ექსპერიმენტს, უძველეს დროშიც იყენებდნენ, ხოლო XVIII ს-იდან მას საკმაოდ ხშირად მიმართავდნენ უპირატესად ფსიქოფიზიოლოგიის სფეროში. რეაქციის დროის ექსპერ. კვლევა პირველად ასტრონომმა ფ. ბესელმა განახორციელა (1823), ხოლო შეგრძნების ზღურბლებისა – ფიზიოლოგმა ე. ვებერმა (1834). პირველი ფუნდამენტური ნაშრომი ე. ფ-ში („ფსიქოფიზიკის ელემენტები”; 1860) შექმნა გ. ფეხნერმა. მასში მოცემულია ე. ფ-ის ყველა მთავარი ნიშანი – ცვლადებს შორის კანონზომიერი კავშირის გამოვლენა, ადეკვატური მეთოდური ხერხებისა და სათანადო მათ. აპარატის გამოყენება შედეგების დასამუშავებლად. ექსპერ.-ფსიქოლ. კვლევას სისტემ. ხასიათი მისცა ვ. ვუნდტმა, ლაიფციგის უნ-ტში თავისსავე დაარსებულ ფსიქოლ. ლაბორატორიაში (1879). აქ მიმდინარეობდა მარტივი ფსიქ. პროცესების (შეგრძნება-აღქმა, რეაქციის დრო, ასოციაციები, უნებლიე ყურადღება, ელემენტარული გრძნობები) ექსპერ. შესწავლა. ვუნდტს მიაჩნდა, რომ მაღალი ფსიქ. პროცესების კვლევისთვის ექსპერ. მეთოდი არ გამოდგება. პირველი, რ-მაც წარმატებით გამოიყენა ექსპერიმენტი მაღალი ფსიქ. პროცესების კვლევისას, იყო ჰ. ებინგჰაუსი (1885). ორიგინ. მეთოდიკური სისტემის გამოყენებით მან შეისწავლა მეხსიერება (შეგნებული დასწავლა და დავიწყების პროცესი). მისი კვლევა გააღრმავა გ. ე. მიულერმა გეტინგენის ლაბორატორიაში (1881). აზროვნებისა და ნებელობის ექსპერ. კვლევა წამოიწყეს ო. კიულპემ და მისმა თანამშრომლებმა ვიურცბურგის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში (1901–09; ვიურცბურგის სკოლა). ვუნდტისაგან განსხვავებული პრინციპებით მიმდინარეობდა ექსპერ. მუშაობა კ. შტუმპფის ბერლინის ლაბორატორიაშიც (1894). 1904, ებინგჰაუსის თაოსნობით შეიქმნა გერმანიის ე. ფ-ის საზ-ბა. XX ს. დამდეგისთვის ექსპერ.-ფსიქოლ. კვლევა ევრ. სხვა ქვეყნებშიც გაიშალა. იგი განსაკუთრებით პოპულარული გახდა ამერიკაში, სადაც ვუნდტის მოწაფემ ს. ჰოლმა 1883 ბალტიმორში გახსნა პირველი ექსპერ. ლაბორატორია. 1900-თვის უკვე 42 საუკეთესოდ აღჭურვილი ლაბორატორია მუშაობდა. საწყის ეტაპზე ამერიკაში ე. ფ-ს უფრო გამოყენებითი ორიენტაცია ჰქონდა, თუმცა იგი ევროპაშიც აღარ შემოიფარგლებოდა მხოლოდ აკად. ინტერესით და ზოგადფსიქოლ. თემატიკით, რაც ვუნდტისთვის იყო დამახასიათებელი. ე. ფ-ის კვლევა წარიმართა პედ. და განვითარების ფსიქოლოგიის (ე. მოიმანი, ს. ჰოლი, ე. ჯ. ბოლდუინი, ე. კლაპარედი და სხვ.), დიფერენციალურ ფსიქოლოგიის (რ. კეტელი, ა. ბინე, ვ. შტერნი და სხვ.), ინდუსტრიული და იურიდ. ფსიქოლოგიის (ჰ. მიუნსტენბერგი, ვ. შტერნი და სხვ.), კლინ. ფსიქოლოგიის (პ. ჟანე, ლ. უიტმერი და სხვ.), ცხოველთა ფსიქოლოგიის (ე. თორნდაიკი, რ. იერქსი და სხვ.) განხრით. XIX ს. ბოლოსა და XX ს. დასაწყისის ფსიქოლოგთა უმეტესობა, რ-თაც რამდენადმე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თავიანთი დარგის განვითარებაში, თვალსაჩინო ექსპერიმენტატორები გახდნენ. დღეს ე. ფ. გავრცელებულია ფსიქოლ. კვლევის პრაქტიკულად ყველა სფეროში. მიმდინარეობს მისი მეთოდური პოტენციალის განვითარება. საკუთრივ ფსიქოლ. მეთოდების სრულყოფასთან ერთად (ლაბორატორიული, ბუნებრივი ექსპერიმენტი, ფსიქომეტრული და ა. შ.) ე. ფ. წარმატებით იყენებს მომიჯნავე მეცნიერებათა მეთოდებსაც (ნეიროფიზიოლოგიის, ბიოლოგიის, სოციოლოგიის და სხვ.). საქართველოში ფსიქოლ. მეცნიერება ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული ე. ფ-თან. ლაიფციგში განსწავლულმა დ. უზნაძემ თავისი განწყობის თეორია თავიდანვე ექსპერ. მონაცემებზე დააფუძნა. ექსპერ. კვლევა პირველ ხანებში მიმდინარეობდა (1918) თბილ. უნ-ტის უზნაძის მიერ დაარსებულ ფსიქოლ. ლაბორატორიაში. 1943-იდან ფსიქოლ. კვლევის (მ. შ. ექსპერიმენტულის) ცენტრი გახდა უზნაძისავე დაარსებული საქართვ. მეცნიერებათა აკად. ფსიქოლ. ინ-ტი. განწყობის ეფექტების ექსპერ. კვლევამ ფსიქოლ. მეცნიერება სრულიად ახ. ემპირიული მონაცემებით გაამდიდრა. მათი საშუალებით დადასტურდა განწყობის თეორიის მრავალი დებულება. ამ კვლევაში მონაწილეობდნენ ქართ. ფსიქოლ. სკოლის რამდენიმე თაობის მეცნიერები. განსაკუთრებულია პირველი პლეადის წარმომადგენელთა წვლილი (ე. აბაშიძე, ი. ბჟალავა, ნ. ელიავა, რ. ნათაძე, ვ. ნორაკიძე, ბ. ხაჭაპურიძე, ზ. ხოჯავა, შ. ჩხარტიშვილი და სხვ.). ე. ფ-ის კვლევა მიმდინარეობდა და მიმდინარეობს ფსიქოლ. სხვადასხვა დარგებში (სოც. დიფერენციალური, კლინ. განვითარების და ა. შ. ფსიქოლოგია). ზოგად ფსიქოლოგიაში ორიგინ. მეთოდიკის გამოყენებით შესწავლილია აღქმის, მეხსიერების, აზროვნების, მეტყველების, ემოციების, მოტივაციის და სხვ. პროცესები. ამ გამოკვლევებმა ფართოდ გაუთქვეს სახელი ქართ. ფსიქოლოგიას, როგორც გამორჩეული ექსპერ. კულტურის მქონე მეცნ. სკოლას.

ლიტ.: უზნაძე დ., ზოგადი ფსიქოლოგია, შრომები, ტ. 3–4, თბ., 1964; მისივე, განწყობის ფსიქოლოგიის ექსპერიმენტული საფუძვლები, იქვე, ტ. 6, თბ., 1975; იმედაძე ი., ფსიქოლოგიის ისტორია, თბ., 2008; Глейтман Г., Фридлунд А., Рейсберг Д., Основы психологии, СПб., 2001; Солосо Р., Маклин К., Экспериментальная психология, М., 2006; Экспериментальная психология, под ред. П. Фресса и Ж. Пиажe,т.1–6, М., 1966–78; B o r i n g  E.G., History of Experimental Psychology, N.Y., 1950.

ი. იმედაძე