ექსტრადიცია (ლათ. ex -გან,-იდან, tradition – გადაცემა), სახელმწიფოს მიერ მის ტერიტორიაზე მყოფი ბრალდებულის გადაცემა უცხო სახელმწიფოსათვის პასუხისგებაში მისაცემად ან მსჯავრდებულისა – განაჩენის აღსასრულებლად. სახელმწ. შეუძლია მოითხოვოს, გადასცენ მას ბრალდებული იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული მოხდა მის ტერიტორიაზე, თუ ბრალდებული მისი მოქალაქეა ან დანაშაულის შედეგად დაზარალდა ეს სახელმწიფო. დანაშაულობის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის მიზნით დაინტერესებულ სახელმწიფოთა შორის ე-ის საკითხებს აწესრიგებს ორმხრივი ხელშეკრულებები, საერთაშ. (რეგიონალური) კონვენციები და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. საქართველოში ბრალდებულის ან მსჯავრდებულის ე-ის და ე-ზე უარის თქმის გადაწყვეტილებას იღებს საქართვ. იუსტიციის სამინისტრო (საქართვ. მთავარი პროკურატურა). ე-ის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ე-ის საკითხის განხილვისას ეს ორგანოები ხელმძღვანელობენ: სტრასბურგის 1957 წ. ევრ. კონვენციით ე-ის შესახებ და მისი დამატებითი ოქმებით; 1993 წ. მინსკის კონვენციით; სტრასბურგის 1983 წ. მსჯავრდებულ პირთა გადაცემის კონვენციით და მისი დამატებითი ოქმით; საქართვ. კონსტიტუციით; საქართვ. სისხლის სამართ. კოდექსით და სისხლის სამართ. სფეროში საერთაშ. თანამშრომლობის შესახებ არსებული საქართვ. კანონით (2010 წ. 21 ივლ.). საერთაშ. დანაშაულში მხილებული ბრალდებული გადაეცემა სისხლის სამართ. საერთაშ. სასამართლოს. გადაცემა რეგულირდება სისხლის სამართ. საერთაშ. სასამართლოს რომის წესდებით (1998) და საქართვ. კანონით „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ” (2003 წ. 14 აგვ.).
ლიტ.: გვარამია ვ., საერთაშორისო დანაშაულში ბრალდებულის ექსტრადიცია, თბ., 2002; ექსტრადიციაზე უარის თქმის იმპერატიული საფუძვლები, თბ., 2005.
ვ. გვარამია