ეშბა ეფრემ (დურუ) ალექსის ძე (20. III. 1893, სოფ. ბედია, – 1939), პარტიული მუშაკი. კომპარტიის წევრი 1914-იდან. სწავლობდა ქუთაისის და თბილ. გიმნაზიებში, შემდეგ მოსკ. უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტზე. 1917–18 იყო სამურზაყანოს არალეგალური ბოლშევიკური ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რსდმ(ბ) სოხუმის საოლქო კომიტეტის თავ-რე და მუშათა დეპუტატების საბჭოს თავ-რე. აფხ. რევკომის თავ-რე. მას შემდეგ, რაც 1918 წ. 11 ივნ. საქართვ. დემოკრ. რესპ. და აფხაზეთს შორის დადებული ხელშეკრულებით აფხაზეთს ფართო ავტონომია მიენიჭა, ე-ს მეთაურობით სოხუმში შეიქმნა სამხ. რევკომი, რ-მაც სოხუმის ოლქის უშუალოდ რუსეთთან მიერთება გადაწყვიტა. საქართვ. მთავრობის აქტ. საპასუხო მოქმედებით ქართულმა ჯარმა გენ. გ. მაზნიაშვილის მეთაურობით 17–22 ივნისს სეპარატისტთა ეს მცდელობა აღკვეთა. ე. იყო საბჭ. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, აფხაზეთში ჩამოყალიბებული რევკომის თავ-რე, რ-მაც 1921 წლის მარტის დასაწყისში საქართვ. ხელმძღვანელთა წინაშე დასვა საკითხი აფხ. დამოუკიდებელი საბჭ. სოციალ. რესპ. შექმნის შესახებ. 21 მარტს საქართვ. რევკომმა გამოსცა დეკლარაცია აფხ. დამოუკიდებლობის შესახებ. მოგვიანებით (16 დეკ.) ე-მ მხარი დაუჭირა აფხაზეთის შესვლას საბჭ. საქართველოს შემადგენლობაში სახელშეკრულებო საწყისებზე, თუმცა მისი მოღვაწეობა ამ პერიოდშიც ფაქტობრივად საქართველოს ერთიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული. 1922 მარტიდან მუშაობდა საქ. კპ ცკ-ის მესამე მდივნად, იმავე წლის ოქტ-იდან – საქ. სსრ იუსტიციის სახ. კომისრად. 1926–27 იყო საკ. კპ(ბ) ჩაჩნეთის ორგბიუროს მდივანი. თანაუგრძნობდა ტროცკისტულ მიმდინარეობას, რისთვისაც პარტიიდან გარიცხეს (1927). 1930–35 მუშაობდა სსრკ საგარეო ვაჭრობისა და მძიმე მრეწველობის კომისარიატებში. პოლიტ. რეპრესიების მსხვერპლი.
გ. ანჩაბაძე