ეძანის (ბარმაქსიზის) ნამოსახლარი, განვითარებული მეზოლითის ხანის ნამოსახლარი, დაბა წალკის ჩრდილოეთ ნაწილში. გათხარეს 1936 (ბ. კუფტინი) და 1963–64 (მ. გაბუნია). აღმოჩნდა ობსიდიანის მრავალფეროვანი საწარმოო იარაღი. ჭარბობს გეომ. მიკროლითები, არის აგრეთვე ისრისპირისებრი იარაღი, კარგად დამუშავებული მრავალი ჩასართი, მიკროლითური მრგვალი საფხეკები და სხვ. აღმოჩენილი მასალა ეძანის მოსახლეობის მძლავრ კულტ. განვითარებაზე მიუთითებს. ირმის, ჯეირანის, კანჯარის, გარეული ძროხის, ღორისა და ცხენის ძვლების აღმოჩენა მოწმობს, რომ მეზოლითის ეპოქაში სამხრ.-აღმ. საქართველოში სტეპური და ნახევრად სტეპური ლანდშაფტი ჭარბობდა. ამასვე ადასტურებს მტვრიანისა და სპორების ანალიზის შედეგები.
ლიტ.: გაბუნია მ., პალეოლითური ნაშთები ეძანის გამოქვაბულიდან, «მაცნე», 1964, N5; Куфтин Б. А., Археологические раскопки в Триалети, т. 1, Тб., 1941.
მ. გაბუნია