გუდაყვის საეპისკოპოსო, ეპარქია დასავლეთ საქართველოში. ზოგიერთი წერილობითი წყაროს (გიორგი მთაწმიდლის „დიდი სვინაქსარი") ცნობით, გუდაყვა იგივე „ზიღანეოსია" (ზიღანევი, ძიღანევი). მდებარეობდა შავი ზღვის აღმ. სანაპიროზე, აფსარონსა და ბიჭვინთას შორის. ითვლება, რომ გუდაყვა იგივე თანამედროვე გუდავაა. იგი იყო საეპისკოპოსო ცენტრი ლაზეთში, შედიოდა ფაზისის სამიტროპოლიტოში და ექვემდებარებოდა კონსტანტინოპოლის პატრიარქს.
დაახლ. IX ს-ის ბოლოს გამოვიდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებიდან. საქართვ. მეფე ბაგრატ III-მ გ. ს. „მოცვალა" და მის ნაცვლად დააარსა ბედიის საეპისკოპოსო. „მატიანე ქართლისაში" ამის შესახებ აღნიშნულია შემდეგი: „ამანვე მეფემან აღაშენა საყდარი ბედიისაჲ და შექმნა საყდარად საეპისკოპოსოდ. მოცვალა მუნ გუდაყვის საეპისკოპოსოჲ". ეს „მოცვლა" დაკავშირებული იყო მეფის საეკლესიო პოლიტიკასთან, კერძოდ, დას. საქართვ. ძვ. ბიზანტ. ორიენტაციის საეპისკოპოსოების ადგილას დააარსა ახ., ქართ. საეპისკოპოსოები.
ცნობები გ. ს-ს შესახებ მეტად მწირია, რადგანაც არც ერთი ეპისკოპოსის სახელი არაა ცნობილი.
წყარო: ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. კოლექცია, ტ. 1, თბ., 1973; გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, ნაკვ. 2, თბ., 1952; ქართლის ცხოვრება, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., სავაზირო ფეოდალურ საქართველოში, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 3, თბ., 1966; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973.
ვ. სილოგავა