გუზან აბულასანის ძე ტაოელი

გუზან აბულასანის ძე ტაოელი, კლარჯეთისა და შავშეთის პატრონი (ერისთავი) XII ს-ში, იგი „ძუელთა მეფეთა ტაოელთა დიდებულთა ადგილზე" იქნა შეწყალებული თამარის გამეფების პირველ წლებში. 1186 გუზანმა, ბოცო სამცხის სპასალარმა და რამდენიმე დიდებულმა თავისი ლაშქრით დაამარცხეს და განდევნეს შავშეთ-კლარჯეთს შემოსეული კარნუქალაქელი, შამელი და გარმიანელი თურქები და ურიცხვი ტყვეებითა და ალაფით წარდგნენ თამარის წინაშე. ჩანს, გუზანს ამის მერე უბოძეს ტაოც, თუმცა თამარის პირველი ისტორიკოსი მას ამ ბრძოლის წინ უკვე ტაოელად იხსენიებს.

გუზანი ეკუთვნოდა იური ანდრიას ძის (გიორგი რუსი) გამეფების მომხრეთა დასს, რაც აშკარა გახდა 1191, დიდებულთა პირველი განდგომის დროს. იგი პირველი მიემხრო აჯანყებულებს, რის გამოც მოიაზრება ამ აჯანყების ერთ-ერთ მოთავედ. ვარდან დადიანმა გიორგი რუსის მხარდასაჭერად მთელი დას. საქართველოდან შეყარა ლაშქარი და სწორედ გუზანთან შესაერთებლად გაგზავნა.

თამარის მომხრეებთან დამარცხების შემდეგ, სხვებისგან განსხვავებით, გუზანს ბრძოლა არ შეუწყვეტია – ტაოსკარი, ვაშლოვანი და სხვა მრავალი ციხე თურქებს გადასცა და დახმარებისათვის ხლათის მმართველ შაჰარმენს მიმართა. გუზანის მხარეს იყო ასევე ზოგი დიდებული. გუზანის შვილის მიერ მოწვეულ თურქთა ლაშქარს, კოლის მთასთან მიეგება თამარის ერთგული ზაქარია ფანასკერტელი და ამ მხარის სხვა დიდებულები თავიანთი მხედრობით. მიუხედავად მტრის ლაშქრის სიმრავლისა, ზაქარია ფანასკერტელმა შეძლო მისი დამარცხება და გუზანის ცოლ-შვილის შეპყრობა.

თამარის მეორე ისტორიკოსის ცნობით, გუზანი ამის შემდეგ მთებში იმალებოდა და ავაზაკობდა, მაგრამ მთიბავებმა შეიპყრეს და დავით სოსლანს მიჰგვარეს. სოსლანმა, იცოდა რა თამარის გულმოწყალების ამბავი, მასთან შეუთანხმებლად გუზანს თვალები დასწვა (დააბრმავა).

წყარო: ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ 1959; ბასილი ეზოსმოძღვარი, ცხორება მეფეთ-მეფისა თამარისი, იქვე.

ლიტ.: მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი  რ., დავით IV აღმაშენებელი. – მეფე თამარი, თბ., 2002.

ა. ბოგვერაძე