გუთნური

გუთნური, ხალხური ლექსსიმღერა, შრომის პოეზიის სახეობა, სრულდებოდა გუთნით მუშაობისას უპირატესად აღმ. საქართველოში. აღმოცენებულია კოლექტიური შრომის საფუძველზე და ასახავს ხვნა-თესვის მთელ პროცესს. ისტორიკოს ბასილი ეზოსმოძღვრის (XII–XIII სს.) ცნობით, ველზე კვალის გავლებისას მიწათმოქმედნი თამარ მეფის საქებარ ლექსებს მღეროდნენ. გ. კოლექტიური სიმღერაა, მოიცავს საყოფაცხოვრებო, საწესჩვეულებო, სატრფიალო მოტივებს. ტექსტებში დახასიათებულია გუთნისდედა, მეხრე, ხარი, მხვნელ-მთესველთა ყოფა და სხვ. გ. ძირითადად ერთხმიანი სოლო სიმღერაა. ზოგჯერ სრულდება ორ ხმაში გაბმული (ბურდონული) ბანის თანხლებით. პირველად ჩაწერა დ. არაყიშვილმა (1901–09). იხ. აგრეთვე „ოროველა".

ლიტ.: მ ა მ ა ლ ა ძ ე თ., შრომის სიმღერები კახეთში, თბ., 1962; ო ქ რ ო შ ი ძ ე თ., ქართული ხალხური შრომის პოეზია, თბ., 1963.

გ. ჭელიძე