დაგისთე, ბიზანტიელი სარდალი (VI ს.).
549 იუსტინიანე I-მა დ. 7000 ბიზანტიელ და 1000 ჭან მეომართან ერთად გაგზავნა ეგრისში (ლაზიკაში) ლაზების დასახმარებლად და ირანელების წინააღმდეგ საბრძოლველად. დ-მ ალყა შემოარტყა ეგრისის ციხე-ქალაქ პეტრას (ციხისძირი), მაგრამ ვერ გამოიყენა ხელსაყრელი პირობები პეტრას ასაღებად. როგორც კი იქ ირანელთა სარდლის მერმეროეს ჯარი გამოჩნდა, ალყა მოხსნა და იქაურობას გაეცალა.
შემდეგ ეგრისის მეფე გუბაზ II-თან ერთად გაილაშქრა მერმეროეს ჯარის წინააღმდეგ და გაიმარჯვა. ეგრისელებმა პეტრას ალყის მოხსნის გამო დ-ს ღალატსა და დაუდევრობაში დასდეს ბრალი და კეისართან დაასმინეს.
550 იუსტინიანემ დ. ციხეში ჩასვა.
წყარო: პროკოპი კესარიელი, წგ.: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2,თბ., 1965.
დ. ლეთოდიანი