გულისტანის საზავო ხელშეკრულება 1813, რუსეთსა და ირანს შორის დადებული ხელშეკრულება, რ-ითაც დასრულდა 1804–13 რუსეთ-ირანის ომი (იხ. რუსეთ-ირანის ომები XVII –XIX საუკუნეებში). დაიდო 24 ოქტ. სოფ. გულისტანში (ყარაბაღი). მას წინ უძღოდა ასლანდუზის (არაქსზე) საზავო მოლაპარაკება (1812 ოქტ.), რ-ის დროსაც ირან. მთავრობამ ინგლ. მხარდაჭერით მოითხოვა რუს. ჯარების გაყვანა ჩრდ. აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. ირან. არმიის შემდგომმა დამარცხებებმა, აგრეთვე რუს. წარმატებებმა 1812 სამამულო ომში აიძულა ირანი უარი ეთქვა ამ მოთხოვნებზე და განეახლებინა მოლაპარაკება, რ-იც გ. ს. ხ-ის დადებით დასრულდა.
ხელშეკრულება 11 მუხლისაგან შედგებოდა. მათგან უმნიშვნელოვანესი იყო მე-2 მუხლი, რ-ის თანახმად მხარეებს რჩებოდათ ზავის დადების დროს მათ დაქვემდებარებაში მყოფი „მიწები, სახანოები და სამფლობელოები". ამგვარად, ირანმა აღიარა აღმ. საქართველოს, დაღესტნის, ყარაბაღის, განჯის, შაქის, შირვანის, დერბენდის, ყუბის, ბაქოსა და თალიშის სახანოების შესვლა რუს. იმპერიის შემადგენლობაში. მე-5 მუხლის თანახმად, კასპიის ზღვაზე სამხ. ფლოტის ყოლის უფლება მხოლოდ რუსეთს ეძლეოდა. ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო სავაჭრო შეღავათებიც, რ-იც რუსეთმა მიიღო ირანისაგან – დაბალი (ხუთპროცენტიანი) საბაჟო ტარიფი, შიდა ბაჟისაგან გათავისუფლება და სხვ.
გ. ს. ხ-ით დასრულდა ამიერკავკ. რუსეთთან შეერთების პირველი ეტაპი. შაჰის მთავრობა ვერ ურიგდებოდა გ. ს. ხ-ს და არაერთხელ სცადა მისი გადასინჯვა, მაგრამ უშედეგოდ.
გ. ს. ხ-ის შედეგები რუსეთმა კიდევ უფრო განიმტკიცა თურქმანჩაის ზავით 1828.
ლიტ.: ქორთუა ნ., საქართველო 1806–1812 წლების რუსეთ-თურქეთის ომში, თბ., 1964; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; Игамбердыев М. А., Иран в международных отношениях первой трети ХIХ века, Самарканд, 1961.
ზ. ანჩაბაძე