დავთარი

დავთარი (ბერძნ. diphtera–ტყავი, სპარს. – defteri, პერგამენტის მნიშვნელობით), თავდაპირველად აღნიშნავდა წოდებათა სიას, შემდეგ – ყოველგვარი აღწერის სიას.

IX ს-იდან იწყება ქაღალდის ხმარება და ამ დროიდან მოყოლებული დ. აღნიშნავს ადმ. რეესტრსა და საგადასახადო წიგნს.

უცხ. დამპყრობლების მიერ საქართვ. აღწერის ყველაზე ადრინდ. ცნობა ეკუთვნის ჯუანშერს. მისი გადმოცემით, არაბთა შემოსევების დროს კავკ. და საქართვ. დატოვების წინ (VII ს. 40–50-იან წწ.) „დათვალნეს განძი იგი მათნი. . . შეატანინეს საგანძურისა გუჯარნი და აღწერეს ნათესავი თვისი და ქვეყანა". საქართველოს აღწერა ჩატარდა მონღოლების ბატონობის დროს.

1254 მონღოლებმა აღწერეს როგორც მოსახლეობა, ისე მეურნეობის ყველა დარგი. 1742, ყიზილბაშობის დროს, ქართლის სამეფო ისევ აღწერეს: „რაც ძველი ნასოფლარი სადმე იყო, ყველგან ზომეს მიწები საბლით, სრევი დასდვეს, ეგრევე ამ სახით შენობა სადმე იყო, დიდი სრევი დასდვეს" (პაპუნა ორბელიანი).

ჩვენამდე მოაღწია როგორც სამხრ. საქართველოსათვის, ისე ქართლის სამეფოსათვის შედგენილმა ოსმალურმა დ-ებმა (საქართველოსათვის შედგენილი მონღოლური, სპარს. და სხვ. დ-ები არ მოგვეპოვება, მათ შესახებ ვიცით მხოლოდ ის, რაც წერილობით წყაროებშია დაცული). არსებობს 1573/4 „გურჯისტანის კანუნნამე", რ-იც გამოსცა ო. ბარქანმა თურქეთის პრემიერ-მინისტრის არქივში დაცული 1573/4 შედგენილი გურჯისტანის ლივის აღწერის დიდი დ-ის საფუძველზე. საფიქრებელია, რომ სამცხე-საათაბაგოს პირველი დ. უნდა შედგენილიყო XVI ს. შუა წლებში, როდესაც ოსმალებმა დაიპყრეს სამცხე-საათაბაგოს დას. ნაწილი და იქ სანჯაყები დააარსეს.

1595 ოსმალებმა სამცხე-საათაბაგო აღწერეს და „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი" შეადგინეს. 1595 შემდეგ ოსმ. მთავრობას სამცხე-საათაბაგო აღარ აუწერია. მაგრამ ფეოდალთა ლენების (მიწების) რეგისტრაციის მიზნით შეადგინეს „ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი". სულთნის ხელისუფლებამ ორჯერ სცადა ქართლის სამეფოს დაპყრობა და მისთვის დ-ების შედგენა (1578–1606 და 1723– 32). 1578, ქართლის დაპყრობის შემდეგ, ოსმალებმა ქართლში საბეგლარბეგო დააარსეს, სანჯაყებად დაჰყვეს და შეუდგნენ დ-ის შედგენას, მაგრამ ქართვ. ხალხის მედგარი წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლეს ქვეყნის აღწერა. 1723 ოსმალებმა კვლავ დაიპყრეს თბილისი, ქართლის სხვა ციხექალაქები და შეუდგნენ ქვეყნის გაოსმალებას. 1728 „თბილისის ვილაიეთის დიდი დავთარი" შეადგინეს. დაახლ. ამავე დროს აღწერეს ოსმალებმა აღმ. ამიერკავკ. ქვეყნებიც და შეადგინეს დ-ები.

ქართული  დ-ები. ივ. ჯავახიშვილისა და ნ. ბერძენიშვილის აზრით, საქართველოში ხალხის აღწერის დ-ები XII ს-ში და უფრო ადრეც არსებობდა. XVII–XVIII სს. ქართ. წყაროებიდან ირკვევა, რომ ამ დროს ქართლის სამეფოში პერიოდულად ტარდებოდა ქვეყნის აღწერა, როგორც სამხედრო, ისე ფისკალური მიზნით. ამან ასახვა პოვა ვახტანგ VI-ის დასტურლამალში. სამეფო ხელისუფლების კანცელარიასთან არსებობდა დავთარხანე, რ-იც ამ საქმეებს განაგებდა.

ქართლის სადროშოების აღწერის შედეგად ადგენდნენ 4 დ-ს. ქართლის სამეფოში აღწერა ყოველ 7 წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარებულიყო, ხოლო საქართვ. ტერიტორიაზე მცხოვრები მომთაბარე მოსახლეობისა – 3 წელიწადში ერთხელ. ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ მეწინავე სადროშოს (ქვემო ქართლი) 1721 აღწერის დ-მა. ცალკე ტარდებოდა ქალაქის (თბილისი, გორი, თელავი) მოსახლ. აღწერა.

XVII ს-ში ხალხის აღწერის დ-ები კახეთის სამეფოშიც ყოფილა შემოღებული. ჯერჯერობით დას. საქართვ. ხალხის აღწერის დ-ები არ აღმოჩენილა. სადროშოების დ-ების გარდა, საქართველოში ცნობილია სათავადოების, მორიგი ჯარის, საეკლ. და სხვა დ-ებიც.

ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., საქართველოს ეკონომიური ისტორიის ძეგლები, წგ. 1–2, თბ., 1967–74; მ ი ს ი ვ ე, ხალხის აღწერის და შემოსავლის დავთრები საქართველოში, «მოამბე», 1901, №4, განყ. II; მ ი ს ი ვ ე, საქართველოს ეკონომიური ისტორია, წგ. 1, გამოც. მე-2, თბ., 1930 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 4, თბ., 1996).

მ. სვანიძე