გულშარი

გულშარი, გ უ ლ ა ნ შ ა რ ი, დედოფალი, ალექსანდრე I დიდის ვაჟის – დიმიტრი ბატონიშვილის, „პროვინციის მეფის" თანამეცხედრე, მეფე კონსტანტინე II-ის დედა.

1487 საქართველოში იაყუბყაენის მეორე შემოსევისას, რ-საც ხალილ-ბეგი ხელმძღვანელობდა, კონსტანტინე II-ის ტახტსა და აყ-ყოიუნლუს ამირებს შორის მოლაპარაკება გაიმართა. მეფემ ამ დიპლ. მისიის შესრულება თავის მოხუც დედას – გ-ს – დაავალა. რას ითხოვდა ეს „მანდილოსანი დიპლომატი" და რა ხასიათის დავალებას ასრულებდა, ნათლად არ ჩანს. სავარაუდოა, რომ კონსტანტინე II თურქმანებს კონტრიბუციის მიღებასა და უკან გაბრუნებას სთავაზობდა. მოხუცი დედოფალი, რ-იც მისიის შესასრულებლად მონასტრიდან სპეციალურად გამოსულა, თურქმან ამირებს ზავის პირობებზე დათანხმებას ემუდარებოდა. გ-ის მისია წარუმატებლად დასრულდა, თუმცა ამ შემოსევისას ვერც თურქმანებმა შეძლეს თბილისის აღება (იხ. აგრეთვე იაყუბ-ყაენის ლაშქრობანი საქართველოში).

ლიტ.: კ ი კ ნ ა ძ ე  რ., საქართველოირანის ურთიერთობის ისტორიიდან XV ს. მეორე ნახევარში, «ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინ-ტის შრომები», 1964, ტ. 7.

დ. ნინიძე