გულჯავარასშვილი გრიგოლ, XVII ს. II ნახ. მხატვარი. 1678–88 წლებში მისი ხელმძღვანელობით მოუხატავთ მცხეთის სვეტიცხოვლის შიგნითა „სვეტის" კედლები, რაზედაც მიუთითებს თვით „სვეტზე" მინაწერი. განსაკუთრებით საყურადღებოა წმინდა ნინოს ცხოვრებისა და ქართლის მოქცევის ციკლი, რ-იც შინაარსობრივად დაკავშირებულია ძვ. ქართ. გადმოცემასა და მატიანეთა მონათხრობთან. დახატული აქვს, აგრეთვე, საღვთო წერილის ცნობილ სიუჟეტებთან დაკავშირებული სცენები. მხატვრობის სხვადასხვა მანერა და ხარისხი მოწმობს, რომ სვეტის მოხატვაში გ-ს სხვებიც ეხმარებოდნენ. ძეგლი თავისი ხასიათით გვიანდ. ფეოდ. ხანის ტიპური ნაწარმოებია: იგი მოკლებულია მონუმენტურობას, შესრულების ტექნიკა „მინიატიურულია", ადამიანთა ფიგურები – წვრილი და წაგრძელებული, ხუროთმოძღვრული ფონი კი დაქუცმაცებული. გ. თავისი დროის გამოცდილი და დახელოვნებული ოსტატი იყო. როგორც ჩანს, მას დამხმარეთა, შეგირდთა, თანაშემწეთა, მთელი გუნდი ჰყავდა, ხოლო მისი დამკვეთნი – უმაღლესი ფენის წარმომადგენლებიც ყოფილან.
ვ. ბერიძე