გუმათის წყალსაცავი, წყალსაცავი მდ. რიონის შუა დინებაში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფ. გუმათთან, ზ. დ. 210 მ სიმაღლეზე. საექსპლუატაციოდ გადაეცა 1958.
შექმნილია 30 მ სიმაღლის რკინაბეტონის კაშხლით. ფართ. 3,1² კმ, მოცულობა 42 მლნ. მ³ (მაქს. დონის დროს), მაქს. სიღრმე 24 მ, სიგრძე 11 კმ, სიგანე 60-იდან 550 მ-მდე. არეგულირებს მდ. რიონის ჩამონადენს გუმათჰესისათვის.
გ. წ. წაგრძელებულია მდინარის ხეობის მიმართულებით. ნაპირები სუსტადაა დანაწევრებული, ადგილ-ადგილ ფლატოვანია. ზვირთცემა სუსტია. მდ. რიონს წყალსაცავში წლიურად 5 მლნ. ტ-ზე მეტი მყარი ჩამონადენი შეაქვს, რის გამოც სწრაფად ისილება.
ი. აფხაზავა