გუმის მღვიმოვანი, კარსტული მღვიმოვანი სოხუმის მუნიციპალიტეტში, სოფ. გუმის მიდამოებში, დასავლეთის გუმისთის ხეობის მარცხ. ფერდობზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. აერთიანებს ციკლგავლილ სამ მშრალ მღვიმეს. ქვედა მღვიმის შესასვლელის აბსოლ. სიმაღლეა 370 მ, შუისა – 380 მ, ზედა მღვიმისა – 450 მ. მღვიმეების სიგრძე, შესაბამისად, 90, 20 და 45 მ. ქვედა მღვიმე ერთი ვრცელი დარბაზია. მღვიმეები ერთმანეთს ვიწრო, გადაულახავი ნაპრალებით უკავშირდება.
გ. მ-ში არის კალციტის ნაირფეროვანი ნაღვენთი წარმონაქმნები (სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ფარდები, გურები, ოოლითებისა და პიზოლითების კონკრეციები და სხვ.); ქვედა მღვიმეში რამდენიმე კულტ. ფენაა.
ლიტ.: ტატაშიძე ზ., წიქარიშვილი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.
ზ. ტატაშიძე