იბნ ალ-ფუვატი, ქამალ ალ-დინ (25 VI. 1244, ბაღდადი, – I. 1323, იქვე), არაბი. ისტორიკოსი. მოღვაწეობდა ბაღდადსა და აზერბაიჯანში. 1261–62 და 1280–81 მარაღის (აზერბაიჯანის) ობსერვატორიაში განაგებდა ბიბლიოთეკას.
მისი შრომებიდან აღსანიშნავია „მოკლე კრებული ცნობებისა ლაკაბთა ლექსიკონში" („თალხის მაჯმა ალ-ადაბ ფი მუჯამ ალ-ალკაბ"), რ-იც არასრული სახითაა (IV–V ტომები) შემონახული. მასში არის ცნობები თბილისელ მუსლიმთა შესახებ, რ-ებიც მუშაობდნენ მარაღის ობსერვატორიაში, მათ შორისაა თბილისის ყადი, ცნობილი მათემატიკოსი და ასტრონომი ფახრ ალ-დინ ალ-ხილათი.
ლიტ.: ჯაფარიძე გ., XIII საუკუნის თბილელი მეცნიერი მარაღის ობსერვატორიაში, «მაცნე». ისტორიის, არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1984, № 2.
გ. ჯაფარიძე