იბნ ეზრა მოშე ბენ იაკოვ (1055, გრანადა, – 1135/40), ებრაელი პოეტი, ფილოლოგი. ცხოვრობდა ესპანეთში. წერდა ებრ. და არაბ. ენებზე.
ი. ე-ს ახალგაზრდობისდროინდელი ლექსები (პეიზაჟური, სატრფიალო და ე. წ. ღვინის თემაზე) გამოირჩევა ღრმა ლირიზმით. მოგვიანო ხანის პესიმისტური ოდები ამქვეყნიური ცხოვრების ამაოებაზე და სამგლოვიარო ელეგიები (კრებ. „თარშიში", ანუ 1200 სტრიქონი) ყურადღებას იქცევს დახვეწილი სტილით, სრულყოფილი ფორმით.
ი. ე-ს მიერ არაბ. ენაზე დაწერილი ლიტ-რის ისტორია „საუბრებისა და მოგონებების წიგნი" დღესაც ინარჩუნებს მეცნ. ღირებულებას ბიბლიის ტექსტებისა და ესპანეთის ებრ. ლიტ-რის კვლევისათვის. ვარაუდობენ, რომ „ვეფხისტყაოსანში" მოხსენიებული „ეზროს" არის ი. ე.
მისი ლექსები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე, მ. შ. ქართულადაც.
თხზ.: [წიგნში] შუა საუკუნეების ებრაული პოეზია, თბ., 1979.
ნ. ბაბალიკაშვილი