იბნ ქემალი

იბნ ქემალი (1468–1534) (ნამდვ. სახელი – შემსუდდინ აჰმედ ბენ სულეიმანი), ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწე. სახელმწ. და სამეცნ. სარბიელზე დაწინაურდა სულთნების ბაიზი II-ისა და სულეიმან კანუნის დროს.

იყო ღრმად განსწავლული ისლამმცოდნეობაში, პოეზიაში, ისტორიაში. სულთან ბაიაზიდ II-ის ბრძანებით დაწერა ოსმალო სულთნების ისტორია („Tevarih-I Al-I Osman"), სულ რვა წიგნი. შემდეგში მან მეცხრე და მეათე წიგნებიც (დავთრებიც) შეადგინა, სადაც გადმოსცა სელიმ I-ისა და სულეიმან კანუნის საქმიანობა.

VII დავთარში აღწერილია ბაიაზიდ II-ის მოღვაწეობა. მასში ავტორი დაწვრილებით განიხილავს ოსმალთა დაპყრობით ომებს, მოჰყავს მთელი რიგი ცნობები საქართველოში ოსმალთა ლაშქრობების შესახებ. ავტორი საგანგებოდ აღწერს საქართვ. მოსაზღვრე ტერიტორიებს, განსაკუთრებით ტრაპიზონის მომიჯნავე ადგილებს, აღნიშნავს საქართვ. საზღვრების სიახლოვეს და სხვ.

ი. ქ-ის თხზულება მეტად საყურადღებო წყაროა საქართველოსა და სამხრ. კავკასიის ქვეყნების ისტორიისათვის.

ლიტ.: შენგელია ნ., XV–XIX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ოსმალური წყაროები, თბ., 1974.

ნ. შენგელია