იბრაჰიმ I, შირვანშაჰი (გ. 1417), აზერბაიჯანელი სახელმწიფო მოღვაწე, შირვანის მბრძანებელი (1382–1417), შირვანშაჰების დერბენდის დინასტიის დამაარსებელი, ნიჭიერი პოლიტიკოსი; ატარებდა შირვანის გაძლიერების მოქნილ პოლიტიკას.
1386 ი. I. თემურლენგს ძვირფასი საჩუქრებით ეახლა ყარაბაღში, მორჩილება აღუთქვა მას, ქვეყანა აოხრებას გადაარჩინა და თავისი ბატონობაც უზრუნველყო. 1402 ი. I-ს დაავალეს საქართვ. შემოსავალ-გასავალის დაზუსტება. თემურლენგმა ი.I-ს გიორგი VII-სთან მოლაპარაკების შუამავლობა მიანდო.
თემურლენგის სიკვდილის შემდეგ ი. I-მა ისარგებლა თემურიანებს შორის ატეხილი ბრძოლით და წვრილსა და საშუალო ფეოდალებზე დაყრდნობით შირვანის დამოუკიდებლობა აღადგინა. იგი შეუკავშირდა გიორგი VII-ს და მათ 1406 დროებით თავრიზიც კი დაიკავეს. 1411 დეკ. შუა რიცხვებში ი. I, შაქის მმართველი სიდი აჰმადი და კონსტანტინე I „შავბატკნიან" თურქმენებთან ბრძოლაში დამარცხდნენ. ისინი ყარა-იუსუფმა შეიპყრო: კონსტანტინე მეფე და მისი ძმა სამას ქართვ. აზნაურთან ერთად სიკვდილთ დასაჯეს, ი. I კი გადარჩა, მაგრამ შირვანი ყარა-ყოიუნლუს სახელმწიფოს ვასალად იქცა.
ლიტ.: კაციტაძე დ., საქართველო XIV–XV საუკუნეთა მიჯნაზე, თბ., 1975; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; ტაბატაძე კ., ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ XIV–XV საუკუნეების მიჯნაზე, თბ., 1974; ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 3, თბ., 1982.
დ. კაციტაძე