ივანე მორჩაისძე

ივანე მორჩაისძე, XI ს. ქართველი ხუროთმოძღვარი, რომელმაც 1032 საფუძვლიანად გადააკეთა იშხნის ტაძარი, რასაც გვამცნობს სამხრ. სარკმლის ირგვლივ გაკეთებული წარწერა.

იშხნის ტაძარი მდებარეობს ძვ. ქართ. პროვინცია ტაოში (ამჟამად თურქეთის ტერიტორია). იგი VII ს-ში აშენდა და არაერთხელ არის შეკეთებული და განახლებული. საბოლოო, მხატვრულად დასრულებული და ჩამოყალიბებული სახე ტაძარმა ი. მ. ხელში მიიღო. ფასადების დამუშავების საერთო სისტემით იშხნის ტაძარი XI ს-ის დამახასიათებელი ძეგლია. ჩუქურთმათა სიუხვე და დახვეწილობა, მრავალფეროვნება, შესრულების მაღალი დონე, ი. მ-ს შუა საუკუნეთა ბრწყინვალე ქართ. ოსტატების გვერდით აყენებს.

ლიტ.: ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967; ქსე, ტ. 5, თბ., 1980.