ელექტრონული გამოცემა, ინფორმაციის მატარებელზე ჩაწერილი პუბლიკაცია; იკითხება ელექტრონული მოწყობილობების დახმარებით. წარმოადგენს ელექტრონულ დოკუმენტს (ელექტრონულ დოკუმენტთა ერთობლიობას), რ-იც რედაქტირებულია, დამუშავებულია, განკუთვნილია უცვლელი სახით გავრცელებისათვის და ახლავს მონაცემთა აღწერილობა. ე. გ-ებს განასხვავებენ ბეჭდვითი ეკვივალენტის ოდენობისა და ძირითადი ინფორმაციის ხასიათის მიხედვით. ე. გ. შესაძლებელია იყოს web-რესურსის ფორმით, ანდა ვრცელდებოდეს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლით (CD, DVD, ფლასჰ). ე. გ-ებს მიეკუთვნება მულტიმედია-ბიბლიოთეკები, ელექტრონული ჟურნალები, წიგნები, ფოტოალბომები და ა. შ., რ-ებიც ჩაწერილია CD (DVD-ზე). ე. გ. შესაძლოა იყოს პერიოდულიც (ელექტრონული ჟურნალი, წიგნების სერია და ა. შ.). ე. გ-ებზე მუშაობისას გასათვალისწინებელია ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გადაცემის საშუალებები, მაგ., web-გვერდი. ე. გ-ს გააჩნია გარკვეული სტრუქტურა. მისი ნავიგაციის სისტემა და დიზაინი გამიზნულია ინფორმაციის კომპაქტური განთავსებისა და ადვილი მოძიებისათვის. ქართ. ე. გ-ების მაგალითებია: 2002-ში გამოცემული ელექტრონული წიგნების სერია – „ლიტერატურა თანამედროვე კარცერ ლუქსისათვის", „გალაკტიონი", „ქართული ფოლკლორი", „ფიროსმანი", „მსოფლიო ხელოვნების ოსტატები" (I, II, III ნაწილი); ფოტოკონკურს „ქოლგის" ორი ელექტრონული კატალოგი (2002); ელექტრონული ცნობარები – „თბილისი კულტურ-ინფო", საქართვ. ვიდეოარტის პირველი ელექტრონული კატალოგი – „Moving in reality" /Project in progress/, ელექტრონული წიგნი „დედამიწა ავად გახდა" (2005) და სხვ. არსებობს ელექტრონული ბიბლიოთეკები და ონლაინ მაღაზიები, რ-თა ნუსხა საკმაოდ შთამბეჭდავია: „ლიგამუსი", lit.ge, რ-მაც ბაზარზე ახ. ქართ. ელექტრონული საკითხავი მოწყობილობა „იოტა რიდერი" შემოიტანა. 2001 წლიდან არსებობს საქართვ. პარლამენტის ეროვნ. ბიბლიოთეკის ელექტრონული ვერსია (NPLG) (http://www.nplg.gov.ge/). ბიბლიოთეკაში წარმოდგენილია: ბეჭდური არქივის, დისერტაციებისა და ქართ. ლიტერატურის ციფრული კოლექციები; ელექტრონული ბ-კა „ივერიელი"; სამოქალაქო საზ-ბის ციფრული ბ-კა; იუნესკოს პროექტით შექმნილი ქართ. კლასიკური ლიტ-რის ანთოლოგიის ციფრული კოლექცია; ელექტრონული ლექსიკონები და ა. შ.; წიგნის გამავრცელებელი კომპანია „წიგნის სამყაროს" მიერ შექმნილი საქართველოში გამოცემული წიგნების ელექტრონული კატალოგი (2009) და ინტერნეტ მაღაზია (www. bookland.ge); პირველი ქართ. ინტერნეტბიბლიოთეკა (lib.ge; 2006), რ-იც მოიცავს ათი ათასზე მეტ ორიგ. და ნათარგმნ. ტექსტს (პროზა, პოეზია, დრამატურგია, სამეცნიერო, ისტორიული, საბავშვო, ფოლკლორი, ესეისტიკა, ინტერვიუ, სამართალი); დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია ALPE-ს მიერ გამოცემული ელექტრონული სახელმძღვანელოები: "„ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში" (2009); „ჩვენი კონსტიტუცია"; შემეცნებითი წიგნი „მხიარული მოგზაურობა უზენაეს სასამართლოში" და სხვ. (www.alpe.ge); პრესისა და წიგნის გავრცელების სააგენტო „elva.ge"-ს ე. გ-ები: „ვეფხისტყაოსანი", „აბდულმესიანი", „წმ. დავით გარეჯელის ცხოვრება", „შუა საუკუნეების ქართული ტიხრული მინანქარი", „ნიკო ფიროსმანი", „აკაკი წერეთელი", „ელენე ახვლედიანი" და ა. შ.; ინტერნეტ მაღაზია (www. elva.ge; 2010); „არტლაინსის აკადემიური წიგნები და გალერეა" (www.artlines.ge) – ელექტრონული ბიბლიოთეკა და წიგნის ონლაინ მაღაზია, ქართველ მეცნიერთა და ხელოვანთა საინფორმაციო ბაზა (2011), განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკა (http:// elibrary.emis.ge/ge; 2011).
მ. შამილიშვილი