გურგენ I ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი (გ. 891), ბაგრატიონთა კლარჯეთის შტოს წარმომადგენელი, ადარნასე I-ის ძე, კურაპალატი 881–891. ფლობდა ტაოს ნაწილს და კალმახს .
დაახლ. 881-მდე გ. I თავის ბიძაშვილთან – ნასრა გვარამის ძესთან ერთად აფხაზთა მეფეებს 215 ეხმარებოდა შიდა ქართლისათვის ბრძოლაში და უპირისპირდებოდა დავით I კურაპალატსა და ლიპარიტ I კლდეკარის ერისთავს, რ-ებიც სომხებს ემხრობოდნენ. ნასრას მიერ დავით I კურაპალატის მოკვლის (881) შემდეგ გ. I-მა ისარგებლა მისი მემკვიდრის ადარნასეს მცირეწლოვნებით და კურაპალატის პატივს დაეუფლა, რაც ბაგრატიონთა სახლში უფროსობას ნიშნავდა.
888 გ. I კურაპალატი და მისი შვილები ადარნასე დავითის ძესთან ერთად (იხ. ადარნასე II) ებრძოდა მესხთა და აფხაზთა მეფის დამხმარე ჯარით მოსულ ნასრა გვარამის ძეს. ნასრას დამარცხებისა და მოკვლის (888) შემდეგ მისი სამფლობელოები გაინაწილეს გ. I-მა, მისმა ძმამ სუმბატ არტანუჯელმა და ადარნასე დავითის ძემ. გ. I-მა მიიღო მიწები შავშეთსა და არტაანის თემში და იქ გადაიტანა თავისი რეზიდენცია, შემდეგ საადგილმამულო საკითხზე და კურაპალატის ხელისუფლების გამო მტრობა ჩამოვარდა გ. I-სა და ადარნასე დავითის ძეს შორის, რ-საც ბაგრატ სუმბატის ძე არტანუჯელი უჭერდა მხარს. სოფ. მგლინავთან (არტაანის ხევი) ზემოხსენებულ მთავრებთან ბრძოლაში გ. I დაიჭრა, ტყვედ ჩავარდა და მიღებული ჭრილობებისაგან გარდაიცვალა.
ანდერძის თანახმად, დაკრძალეს ხანძთის მონასტერში, მისი ნათლიის გრიგოლ ხანძთელის საფლავის მახლობლად.
წყარო: თაყაიშვილი ე., სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ, თბ., 1949 («მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», ნაკვ. 27).
ლიტ.: ბ ო გ ვ ე რ ა ძ ე ა., ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა სახლში ბრძოლის ისტორიიდან IX ს-ის უკანასკნელ მეოთხედში, «მაცნე», 1987, № 2; ჯანაშია ს., კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობები ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ, შრომები, ტ. 5, თბ., 1987.
ა. ბოგვერაძე