ელია წინასწარმეტყველის ეკლესია, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია, რ-იც იდგა თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მახათას მთაზე. ჩვენამდე არ მოუღწევია. მახათას მთაზე ეკლესიის არსებობის შესახებ ცნობას პირველად ვხვდებით 1654 ქართლის მეფის – როსტომის მიერ ხოჯა ბეჰბუდასადმი გაცემულ, ქართ. და სპარს. ენებზე შედგენილ წყალობის წიგნში. ხოჯა ბეჰბუდას მეფისათვის უთხოვია მახათას ეკლესიის ქვემოთ მდებარე ვაკე ადგილი თავისი ახლობლებისათვის სასაფლაოს მოსაწყობად. საბუთში ზოგადად ეკლესია იხსენიება. რაც შეეხება მის სახელს, პ. იოსელიანი წერს: „ავლაბარში არის მახათას სახელით ცნობილი მაღალი მთა. მასზე იდგა წმ. ილია წინასწარმეტყველის ეკლესია... აქ, წმინდანის დღესასწაულზე – 20 ივლისს მოდიოდნენ და ეხლაც მოდიან თაყვანისმცემლები. ერთ არშინზე ამაღლებული აგურის საფუძვლები ჯერ კიდევ მთელია". ამასვე ადასტურებს მ. ჯანაშვილი: „ტაძარი ელია წმინდა, მახათას მთაზე, აწ დანგრეული". იხ. აგრეთვე სტატიები ელია, ელიაობა.
ლიტ.: ჯ ა ნ ა შ ვ ი ლ ი მ., საქართველოს დედა ქალაქი ტფილისი, ქუთ., 1899; И о с е л и а н и П. И., Описание древностей города Тифлиса, Тфл., 1866.
თ. ბერიძე