ელიაწმინდა

ელიაწმინდა, სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ახალციხის ქვაბულში. თემის ცენტრი (სოფლები: ე., ანი, ჭვინთა). ზ. დ. 1440 მ, ახალციხიდან 10 კმ. 172 მცხ. (2002). სოფელი მდებარეობს ისტ. სამცხეში, მდ. ფოცხოვისწყლის მარცხ. შენაკად ლერწიანის სათავეებთან. სოფლის სახელი უნდა მომდინარეობდეს წმინდა ელიას ეკლესიისგან, რ-იც იქ ადრე მდგარა. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში" ე. გაუკაცრიელებულ სოფლად მოიხსენიება. 1595 ოსმალთა მიერ დაპყრობილ სამცხეში სოფ. ე. შედიოდა ახალციხის ლივის მზვარის ნაჰიეში. 1829 ე. სამცხესთან ერთად რუს. იმპერიას შეუერთდა. 1870 ე-ში 4 კომლი ცხოვრობდა. 1944 იქაური მაჰმადიანები შუა აზიაში გადაასახლეს. ისტ. ძეგლთაგან სოფელში ერთიც არ გადარჩენილა. სოფლის ჩრდ-ით ღრმა ტყიან ხეობაში, ქედის კეხზე, აღმართულია ერთნავიანი ეკლესია. აღმ-ით ნახევარწრიული აფსიდა აქვს. ჩრდ-ით აკრავს მისივე თანადროული აფსიდიანი პატარა ეგვტერი, რ-შიც შესვლა მხოლოდ ეკლესიიდან შეიძლება. სამხრ. შესასვლელის ერთადერთი კარიბჭისგან მხოლოდ უმნიშვნელო ფრაგმენტებია დარჩენილი. ინტერიერში სამხრ. და ჩრდ. კედელზე თითო პილასტრია, რ-თა პროფილირებულ კაპიტელზე კამარის საყრდენი თაღია ამოყვანილი. ნავის კამარა ქვაყორე დუღაბისაა, შენობის დანარჩენი ნაწილები – თლილი ქვისა. აქა-იქ შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები, გარედან ეკლესია შემოსილი იყო სუფთად გათლილი, კარგად ნაწყობი ქვის პერანგით, რ-იც დღეისათვის თითქმის შემოძარცულია. ფასადები მარტივია, მორთულობის გარეშე. კედლებში თითო სარკმელია. საერთო პროპორციებით, ხუროთმოძღვრული დეტალებითა და შესრულების ხარისხით შენობა სამცხის XIII–XVI სს. უგუმბათო ტაძრების ჯგუფს მიეკუთვნება.

ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე  ვ., სამცხის ხუროთმოძღვრება XIII–XVI საუკუნეებში, თბ., 1955.

დ. ბერძენიშვილი

თ. საყვარელიძე