ელიოზი (გ ო ბ ი რ ა ხ ი ს ძ ე), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი XIV ს. 90-იანი წწ. ბოლოდან 1419 წ-მდე. საპატრიარქო ტახტზე ასვლა მოუხდა ურთულეს პირობებში – თემურლენგის შემოსევების დროს. გვერდში ედგა საქართველოს მეფე ალექსანდრე I-ს გაპარტახებული ქვეყნის აღდგენაში, იავარქმნილი ეკლესია-მონასტრების აღმშენებლობასა და გამშვენიერებაში, ზრუნავდა სვეტიცხოვლის ეკლესიის მატერ. მდგომარეობის გაუმჯობესებაზე (შეუძენია სოფლები მუხრანში; მიწები, გლეხები და ვენახები – გორსა და ატენში). 1401 გიორგი VII-ს დაამტკიცებინა სამეფო გადასახადებისაგან მცხეთის მამულების გათავისუფლების სიგელი.
წყარო: ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.
ლიტ.: ლ ო მ ი ნ ა ძ ე ბ., XV საუკუნის საქართველოს ქრონოლოგიიდან, კრ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.
ბ. ლომინაძე