ელიოზ მცხეთელი, მცხეთის ებრაული თემის წარმომადგენელი ახ. წ. I ს. I ნახ-ში. მღვდელთმთავრის შთამომავალი დედის მხრიდან. ქართ. ისტ. წყაროები ე. მ-ის სახელს იესო ქრისტეს კვართის მცხეთაში ჩამობრძანებას უკავშირებს. როგორც წყაროებიდან ჩანს, ქართვ. ებრაელებს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ იერუსალიმთან. ახ. წ. 30 წ. მღვდელმთავარმა ანამ იერუსალიმიდან გამოგზავნილი წერილით მცხეთელ ებრაელებს ამცნო ქვეყანაში მიმდინარე სოც. და რელიგ. ძვრების შესახებ, რაც იესო ქრისტეს მოღვაწეობას უკავშირდებოდა. მან შეატყობინა ებრაელებს, რომ იესო ქრისტე საკუთარ თავს ღვთის ძედ აცხადებდა, ეს კი მოსეს სჯულის კანონებს ეწინააღმდეგებოდა. ამიტომ მეფე ჰეროდეს ბრძანების მიხედვით სხვადასხვა ქვეყანაში გაბნეულ ებრაელებს თავი უნდა მოეყარათ იესოს გასამართლებაზე. ქართლიდან იერუსალიმს გაემგზავრა მცხეთის ებრაული თემის ოთხი წარმომადგენელი – ე. მ., ლონგინოზ კანისელი (ლეონტი მროველის მიხედვით – კარსნელი), თალენაკ და მიხაელი. წყაროების თანახმად წარგზავნილებს ე. მ. ხელმძღვანელობდა. გამგზავრების წინ ე. მ-ს დედა შეევედრა, არ დაეჭირა მხარი იესოს დასჯისათვის, რადგანაც იგი დარწმუნებული იყო ქრისტეს ღვთაებრიობასა და მისი მოძღვრების ჭეშმარიტებაში. როგორც ჩანს, ქრისტეს იდეებს კარგად იცნობდნენ ქართლში. თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით, ე. მ. მანამდეც ყოფილა იერუსალიმში. მას ახლო მეგობრობა ჰქონია ფილიპე მოციქულთან და მისი მეშვეობით გაუცნია იესო ქრისტე. ჯვარცმის შემდეგ „განიყვეს სამოსელი" იესოსი და კვართი წილად ხვდა ე. მ-ს. კვართის მცხეთაში ჩამოტანისთანავე ე. მ-მა შეიტყო, რომ დედამისი იესოს სიკვდილით დასჯის ამბავს გადაჰყვა. „მოქცევაჲ ქართლისაჲს" გადმოცემით, ე. მ-ს შეეგება თავისი და სიდონია, უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა, რაც გამოწვეული იყო „სიკვდილითა დედისაჲთა, და უმეტეს ტკივილითა სიკვდილისა ზედა ქრისტესსა და სურვილითა მის სამოსლისათა". ამ ამბავმა დიდი ინტერესი გა მოიწვია ქართლში. მეფე ადერკმა მოისურვა კვართის დაუფლება, „მაგრამ შეშინდა და ვერ იკადრა". ე. მ-მა თავისი და უფლის კვართთან ერთად დამარხა „... მახლობელად ნაძჳსა მის ლიბანით მიღებულისა და მცხეთას დანერგულსა და აღორძინებულისა", სადაც შემდეგ სვეტიცხოველი აღიმართა.
წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; მოქცევაჲ ქართლისაჲ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963.
დიაკონი ზაზა (თევზაძე)