ელისე თბილელი (ს ა გ ი ნ ა შ ვ ი ლ ი), ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი XVII ს. I ნახ-სა და შუა წლებში. დაახლოებული იყო ქართლის მეფე როსტომთან (1632–58) და დედოფალ მარიამთან. რუსი საეკლ. მოღვაწის და რუს. ელჩობის წევრის არსენი სუხანოვის მოწმობით, ე. თ. დედოფლის „სულიერი მამა" იყო. მან მეფედედოფლის დახმარებით შეძლო „ჟამთა ვითარებისაგან მოშლილი და დაქცეული" სიონის ეკლესიის განახლება. როსტომ მეფის 1650 წ. 15 აპრ. შეწირულობის წიგნში აღნიშნულია: „ტფილელ მთავარეპისკოპოზი საგინაშვილი პატრონი ელისე, გუეაჯნა განახლებასა და მეორედ აღშენებასა ტაძრისა თქუენისასა...". ე. თ-მა მეფეს სიონისათვის მუდმივი შემოსავალიც გააჩენინა. როსტომ მეფის ხსენებული საბუთის სპარს. ნაწილში წერია: "გამოვიდა მაღალი ბრძანებულება მასზე, რომ ქრისტიან დიდებულთა ბურჯის, ქალაქ თბილისში მდებარე სიონად წოდებული ეკლესიის ეპისკოპოზის თბილელისადმი მაღალი ყურადღების გამო, ხსენებული ეკლესიის საქმეების მოწესრიგების [მიზნით], ჩვენ, ქვემოთ ქართულად დაწერილ საფუძველზე განვუჩინეთ ჯიქის წლის ათთვეობის დასაწყისიდან ექვსი თავრიზული თუმანი, რაც ას ცალ ყურუშისაგან შედგება, [იმ] ქარვასლის იჯარიდან, რომელიც ჩვენ ხსენებულ ქალაქში ავაშენეთ, იმ ადგილის (ე. ი. სიონის ეკლესიის) გასამშვენიერებლად და სხვა საჭირო ხარჯებისათვის". ეკლესიის გამშვენიერებისა და განძის გამრავლებისათვის ე. თ. არც საკუთარ სახსრებს იშურებდა. თბილისის სიონისადმი ე. თ-ის 1634 წ. 5 ნოემბ. შეწირულობის წიგნში არაერთი ძვირფასი საეკლ. ნივთია დასახელებული. ამას გარდა, მას ყმობიდან გამოუხსნია და სიონისათვის შეუწირავს ბარამაშვილი პატაი. მასვე მიეწერება 1657 მცირე სამლოცველოს მიშენება სიონის ტაძრისათვის სამხრეთის მხრიდან. ე. თ. იყო ცნობილი კალიგრაფი და გადამწერი, საზ. და პოლიტ. მოღვაწე. იგი 1652 მეფის დავალებით მოლაპარაკებას მართავდა არსენი სუხანოვთან რუს.-ქართ. პოლიტ. ურთიერთობის პერსპექტივებზე.
წყარო: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970; ქართულ-სპარსული ისტორიული საბუთები, ვ. ფუთურიძის გამოც., თბ., 1955; ც ი ნ ც ა ძ ე ი., ვასილ გაგარასა და არსენ სუხანოვის ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 1965.
გ. მაისურაძე