ელჩი

ელჩი, უმაღლესი კლასისა და რანგის დიპლომატიური წარმომადგენელი. ე-ის რანგის სრული სახელწოდებაა „საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი" (ვენის 1961 წ. კონვენცია დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ, მ. 14; საქართვ. 2007 წ. 7 დეკ. კანონი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ"). ე-ს, ისევე როგორც დესპანს, აგზავნის სახელმწიფოს მეთაური უცხო სახელმწ. მეთაურთან ე-ის კანდიდატურაზე თანხმობის (აგრემანი) მიღების შემდეგ. ე. ხელმძღვანელობს ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას უცხო სახელმწიფოში და პირადად სარგებლობს დიპლ. პრივილეგიითა და იმუნიტეტით. ქართ. წყაროებში ტერმინები „ე." და „დესპანი" თანაბარი მნიშვნელობით იხმარებოდა საქართვ. მეფეების მიერ სხვა სახელმწიფოში გარკვეული პოლიტ. მისიით მივლინებული პირის აღსანიშნავად.

ლ. ალექსიძე