გურული დიალექტი

გურული დიალექტი, ქართული ენის დიალექტი, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი კუთხის გურიის მოსახლეობის მეტყველება.

გ. დ. იყოფა ორ კილოკავად: ზემოგურულად (ჩოხატაურისა და ოზურგეთის რაიონების მთიანი ნაწილის მოსახლეობის მეტყველება) და ქვემოგურულად (ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონების მოსახლეობის მეტყველება). კილოკავებში შემავალი თქმები, თავის მხრივ, იყოფა განსხვავებულ ქცევებად, მაგ., ჩოხატაურის თქმაში განირჩევა ზემო სურების, შუა სურებისა და დიდვანის ქცევები.

გ. დ-ის ფორმირებაცა და მისი ენობრივი თავისებურებებიც ისტ.-გეოგრაფიულმა ფაქტორებმა განაპირობა. სპეციალისტების (ნ. მარი, ივ. ჯავახიშვილი, ი. ყიფშიძე, არნ. ჩიქობავა და სხვ.) ვარაუდით ახ. წ. პირველ საუკუნეებში ქართულად მოლაპარაკე ერთ-ერთი ტომი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან შავი ზღვის სანაპიროსაკენ დაძრულა და ზანებით დასახლებულ ტერიტორიაზე დამკვიდრებულა. მათთან კონტაქტის შედეგია ზანიზმების სიუხვე გ. დ-ში: სახელების ბრუნებისას ხმოვანთა რედუქციის სისუსტე (აკვანის, ურემით... ხმაის, რძეით...), ზმნებში ობიექტის მრავლობითობის გამოხატვა III სუბიექტური პირის -ენ სუფიქსით (შეგრჩებიენ, მოგინდებიენ...), ქვემდებარე მოთხრ. ბრუნვაში ნაცვლად სახელობითისა გარდაუვალ ზმნებთან (კაცმა დიეცა, კაცმა მევიდა...) და სხვა არაერთი ფონეტ. და გრამატ. მოვლენა. განსაკუთრებით მრავლად დასტურდება ზანიზმები ლექსიკაში (ოჭვათო, ორჩხუში, ჯარგვალი...); ტოპონიმიაში არსებული ზანიზმების (ჯუმათი, ოჩხამური...) გვერდით ტოპონიმია-ანთროპონიმიაში აფხ.-ადიღურ ენათა ანალოგიური ფორმებიც გვხვდება (სუფსა, მალთაყვა... ინგოროყვა, ჭანუყვაძე...). ამავე დროს, ზანურ გარემოცვაში ხანგრძლივად ყოფნის გამო გ. დ-ს შემოუნახავს არაერთი არქაული სიტყვა და ენობრივი მოვლენა: -ავ/-ამ თემისნიშნიანი ზმნების ვნებითი გვარი მთელ რიგ შემთხვევებში არქაული წესითაა ნაწარმოები (იმალვის, იკარქვის...).

გ. დ-ის ზოგ თქმაში გარდაუვალ ზმნათა III სუბიექტური პირის მრავლობითობა -ეს სუფიქსითაც გამოიხატება (ადგეს და მიეგებეს იგინმა...). არცთუ იშვიათია ადამიანის საკუთარ სახელთა გაუფორმებელი წარმოება სახელობითსა და მოთხრობით ბრუნვებში (სამსონ მოკლენ, გირგოლ გამეიარა...) და სხვ. მრავალი არქ. სიტყვა შემორჩენილია ლექსიკაში (ზარმელი, მერე, უსხი...).

შემონახული არქ. ფორმები გ. დ-ს ძვ. ქართ. სალიტ. ენასთან აახლოებს, განსაკუთრებით კი – იმ ლიტ-რული სკოლების ენასთან, რ-ებიც ქართ. ენის სამხრეთ-დასავლურ კილოებთან, ე. ი. ისტ. ქვემო ქართლის მეტყველებასთან (შავშურ-კლარჯულთან) იყო დაკავშირებული.

გ. დ-ის მრავალფეროვნების ერთ-ერთი მიზეზია მისი მეზობლობა აჭარასა და იმერეთთან, რაც თავისებურ გავლენას ახდენს ამ კუთხეთა მოსაზღვრე სოფლების მეტყველებაზე. აჭარულთან გ. დ-ს აერთიანებს მთელი რიგი ენობრივი მოვლენები: შავგრიმანი, ლაპარიკი... (ხმოვანთა შენაცვლება); ზაბუთი, ამ შიშორე... (ასიმილაცია); კალონი, ანბავი... (დისიმილაცია), გვერჩიგვერდში, ბეძე-ბედზე... (აფრიკატიზაცია); ჩთილი-ჩრდილი, ფთაფრთა... (ბგერათდაკარგვა); ხესან, ძროხასან... (-თან თანდებულის ნაცვლად -ან); მიასტრა, იცნა... (სუბიექტური მესამე პირის ნიშნად წყვეტილში -ა).

საერთოა ლექსიკის დიდი მარაგი (დელი, ეტოშება, კატარი)... ბევრი ერთნაირი ფონეტ. და გრამატ. მოვლენა დასტურდება გურიისა და იმერეთის ურთიერთმოსაზღვრე სოფლების მეტყველებაშიც: ქ’არ<ქე არ, ქი არ; კ’ვერ<კი ვერ... (ხმოვანთა ელიზია); კჭირს, კყავს... (ასიმილაციური დაყრუება); ღმერც, გვერძე (აფრიკატიზაცია); იმგენმა იმღერენ... (მოთხრობითში დასმული სახელის მრავლობითობის გამოხატვა -ენ სუფიქსით); ღრიალოფს, სრიალოფს... (თემის ნიშნის შენაცვლება); დგანა, ჟდანა... (ფუძის გართულება -ან სუფიქსით); მაგენი ამბობდა... (რიცხვში შეუთანხმებლობა ქვემდებარე – შემასმენელს შორის) და სხვ.

საერთოა მრავალი ლექსიკური ერთეული (თანაქა, ტარაბუა, ლორთქო...).

აღსანიშნავია გ. დ-ის სიახლოვე და მსგავსება იმერხეულ კილოსთანაც. ამიტომ იმ დიალექტურ არეალში, რ-საც გურული და აჭარული ქმნიან, შედის იმერხეულიც (კლარჯული). ამ ორი კილოს ურთიერთმსგავსება არაერთი ენობრივი მოვლენით დასტურდება: მეითავა, დეიჭირა... (ნაწილობრივი ასიმილაცია), გუუხსნა, დუუბა... (სრული ასიმილაცია), ვინცხა, რაცხა... (თანხმოვანთა ასიმილაცია); შიეძლო, შიეხვეწა... (დისიმილაცია); მუა, გოგუები... (ოა<უა, ოე<უე რეგრესული დისიმილაციის შედეგად); სუნთელი... (თანხმოვანთა დისიმილაცია); იცნა (სუბიექტური III პირის ნიშნად წყვეტილში მხ. რიცხვში -ა); დაწვა კაცმა... (გარდაუვალ ზმნებთან სუბიექტი II სერიაში მოთხრ. ბრუნვაში) და სხვ. ამას ადასტურებს ლექსიკაც: გვარდა, ზორი, ალიკაპი, არტაშანი, ჭინჭი, ჭაჭვი და ა. შ.

გ. დ-ში გამოიყოფა ძვ. მესხურის ფენა: ე ხმოვნის იოტიზებული შემართვა (ერთი...); მრავლობითობის ორმაგად წარმოება (ძმანები...); რეგრესული ასიმილაცია როგორც ხმოვნებში (მუუტანა), ასევე თანხმოვნებში (აშჯერ = ასჯერ). ბევრი საერთოა ლექსიკაში (ფხეჭი, ზენგილი, ჭიბოშანი, ოტური...).

გ. დ-ში არაერთი სიტყვაა შესული თურქულიდან (ბალდუმი, სილაღი, ოდა...). მრავალფეროვნებას ქმნის კილოკაური და ზოგჯერ თქმებს შორისაც არსებული ფონეტ. ან მორფოლ. ხასიათის სხვაობა, ინტონაცია, ტონი, რიტმი, მახვილი. სხვაობა ძირითადად მაინც ლექსიკაში შეიმჩნევა (ოფიჩო – ქვემოგურულში წისქვილის ჩიბოა, ზემოგურულში – ბლის ხის ქერქისაგან გაკეთებული ამოსაფარებელი ქვევრის სახურავისათვის). განსაკუთრებით საინტერესოა საკუთრივ გ. დ-ში ნაწარმოები ფორმები: ამორანქვა – წყლის ამოსხმა, ამოხაპვა; გაკოპიტება – ხის მასალის ლამაზად გათლა, გამოყვანა; გაკუჭება – გაბრაზება; ელანძე – სწრაფად; ურწყული – ნიგვზისაგან გამოხდილი ზეთი და სხვ.

გურულის დიალექტური ფორმებიდან ზოგი ქართ. ენის სხვა კილოებშიც გვხვდება, მაგრამ ერთი მთლიანი სისტემა, რ-საც ეს ფორმები ქმნიან, მხოლოდ გ. დ-სთვისაა დამახასიათებელი.

ლიტ.: გიგინეიშვილი ი., თოფურია ვ., ქავთარაძე ი., ქართული დიალექტოლოგია, I, თბ., 1961; ჟღენტი ს., გურული კილო. გამოკვლევა, ტექსტები, ლექსიკონი, თბ., 1936; მისივე, ზანიზმები გურულ ზმნებში, «ენიმკის მოამბე», 1940, ტ. 5–6; სარჯველაძე ზ., ზანიზმები გურულში, «გორის ნ. ბარათაშვილის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტის შრომები», 1965, ტ. 10; ჯორბენაძე ბ., ქართული დიალექტოლოგია, I, თბ., 1989.

ე. ნიკოლაიშვილი