„გურჯაანი-1929“

„გურჯაანი-1929“ (სააქციო საზოგადოება), გურჯაანის ღვინის ქარხანა. 1929 ქ. გურჯაანში შეიქმნა ე. წ. „წითელი მარანი", რ-ის ბაზაზე ჩამოყალიბდა გურჯაანის ღვინის ქ-ნა. 1977 აღნიშნული საწარმო გახდა გურჯაანის რ-ნში არსებული ათი ღვინის ქარხნის გაერთიანების შედეგად შექმნილი გურჯაანის საწარმოო გაერთიანების სათავო ქ-ნა.

1990-იდან საწარმო გამოეყო გაერთიანებას და გადაკეთდა შპს-დ, 1996-იდან ჩამოყალიბდა როგორც სააქციო საზ-ბა „გურჯაანი-93", 2006-იდან კი დაერქვა სააქციო საზ-ბა „გ.- 1929".

ქ-ნას უჭირავს 12 ჰა ფართობი. აქვს დამოუკიდებელი ელექტრომომარაგების წყარო (ელექტროგენერატორი), წყლის ჭაბურღილი, რკინიგზის ჩიხი, საქვაბე მეურნეობა, ყურძნის მიმღები განყ-ბა (რ-საც შეუძლია სეზონზე 30 ათ. ტ ყურძნის გადამუშავება), სპირტის სახდელი და ღვინის ჩამომსხმელი საამქროები (საათში 3,0 ათ. ბოთლის წარმადობის, იტალ. წარმოების ხაზით). ღვინის დასაძველებლად საწარმოში მოწყობილია სამსართულიანი მიწისქვეშა საცავი, რ-იც აღჭურვილია მომინანქრებული, უჟანგავი ლითონის და ხის (მუხის ბუტები) 3 მლნ. დკლ ტევადობის ტარით. ღვინის დასაძველებლად მისი ტექნოლ. დამუშავება ხდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

ქ-ნა აწარმოებს 12 დასახელების ადგილწარმოშობის (სამარკო) და ორდინარულ ღვინოებს: „ახაშენი", „ქინძმარაული", „ალაზნის ველი", „მუკუზანი", „საფერავი", „გურჯაანი", „ვაზისუბანი", „ჰერეთი", „გარეჯი", „კახეთი", „ტარიბანა" (თეთრი), „ტარიბანა" (წითელი), ასევე კონიაკს და საკონიაკე სპირტს.

საწარმოს ნედლეულით ამარაგებს კახეთის რეგიონი. წარმოებული პროდუქცია (ათ. დკლ ): 1990 წ. – 750; 1995 წ. – 290; 2000 წ. – 470; 2005 წ. – 150; 2010 წ. – 46.

პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებში – აშშ, უკრაინა, ბელორუსია, ყაზახეთი, ჩინეთი და სხვ.

ქ-ნის პროდუქციას სხვადასხვა საერთაშ. სადეგუსტაციო კონკურსზე მიღებული აქვს 4 ოქროს, 3 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალი.

დ. დავითულიანი