ემისია

ემისია (ლათ. emissio – გამოშვება), ყველა სახის ფულის ნიშნების, აგრეთვე ობლიგაციების, აქციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გამოშვება მიმოქცევაში. ძირითადად ნაღდი ფულის ნიშნების გამოშვების აღმნიშვნელ ტერმინად ხმარობენ. როცა მიმოქცევაში ფულის სახით ოქრო გამოიყენებოდა, ე-ის რეგულირება ხდებოდა ბუნებრივი გზით და მიმოქცევის მოთხოვნათა შესაბამისად. თუ მასზე მოთხოვნა მცირდებოდა, მაშინ ზედმეტი ფული განძად გადაიქცეოდა და მიმოქცევაში არ მონაწილეობდა, ხოლო თუ მოთხოვნა გაიზრდებოდა, განძად ქცეული ოქრო ისევ ჩაერთვებოდა მიმოქცევაში. მას შემდეგ, რაც მიმოქცევაში ოქროს ფული აღარ გამოიყენება და მისი ადგილი ქაღალდის ფულის ნიშნებმა დაიკავა, ე-ის თვითრეგულირების პროცესი მოიშალა – ქაღალდის ფულს განძად ქცევის უნარი არა აქვს და ამიტომ იგი მიმოქცევიდან ავტომატურად ვერ ამოვა. ფულის ნიშნების დამატებითი ე. საჭიროა მაშინ, როცა წარმოებისა და საქონელბრუნვის მოცულობა იზრდება, ხოლო ფასები შედარებით მყარია და ფულის ბრუნვადობა არ ჩქარდება. მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა ნაღდი ფულის მასის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმოქცევის არხებში ჩერდება და ბანკებს არ უბრუნდება, ე. უკვე იძულებითი ღონისძიებაა და უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის ეკონ. მდგომარეობაზე. ჭარბი ე-ის შედეგად ფული უფასურდება, ფასები იზრდება, ინფლაციის პროცესი ძლიერდება, მოსახლეობის ცხოვრების დონე ეცემა. ე-ის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია სახელმწ. ბიუჯეტის დეფიციტი (იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მის დაფარვას ფულის დამატებითი მასის გამოშვების გზით ცდილობს). ფულის ჭარბ ე-ს იწვევს აგრეთვე ინფლაცია. მიმოქცევაში ნაღდ ფულს ქვეყნის ცენტრ. ბანკი და სახელმწ. ხაზინა (ემიტენტები) უშვებს (პირველი – ბანკნოტებს, მეორე – ხურდა ფულსა და სახაზინო ბილეთებს). საქართველოში საერთაშ. სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა (1995 წ. 25 სექტ-იდან) მიმოქცევაში სრულფასოვანი ეროვნ. ვალუტის – ლარის შემოღებისათვის. ე. მკაცრ სახელმწ. კონტროლს დაექვემდებარა. საბაზრო ურთიერთობათა განვითარებასთან ერთად იზრდება ფ ა ს ი ა ნ ი  ქ ა ღ ა ლ დ ე ბ ი ს  ე., რაც აქციების გამოშვების გზით ხორციელდება სააქციო საზ-ბის დაფუძნებისას საწესდებო კაპიტალის ფორმირებისათვის, სააქციო საზ-ბის საწესდებო კაპიტალის გაზრდისათვის, აგრეთვე ნებისმიერი იურიდ. პირის სააქციო საზ-ბად გარდაქმნის დროს; ასევე სასესხო ვალდებულებათა გამოშვების გზით იურიდ. პირების, სახელმწიფოს ან ადგილ. ორგანოების მიერ სასესხო კაპიტალის მოზიდვისათვის. ფასიანი ქაღალდების გამოშვებისას ემიტენტს მოეთხოვება ე-ის პროსპექტის მომზადება და სახელმწიფო მარეგულირებელ ორგანოში (საქართვ. ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია) დასამტკიცებლად წარდგენა. ე-ის პროსპექტი წარმოადგენს განცხადებას (შეტყობინებას) წერილობითი ფორმით ან ელექტრონული თუ ბეჭდვითი საინფორმაციო საშუალებებით, რ-ის მიზანია ფასიანი ქაღალდის შეთავაზება გასაყიდად. ე-ის პროსპექტში, ძირითადად, უნდა შევიდეს ფინანსური, მ. შ. საპროგნოზო ინფორმაცია, რ-ის გაცნობის საფუძველზე პოტენციურ ინვესტორებს ეძლევათ შესაძლებლობა შეაფასონ, თუ რამდენად სარგებლიანი და გარანტირებული იქნება მათთვის სახსრების დაბანდება ფასიანი ქაღალდების შეძენის გზით. საჯარო ფასიანი ქაღალდების ე. ითვალისწინებს წინასწარი, დამტკიცებული და საბოლოო ე-ის პროსპექტის არსებობას. საბოლოო პროსპექტის საფუძველზე საქართვ. ფასიანი ქაღალდების ეროვნ. კომისია რეგისტრაციაში ატარებს ფასიან ქაღალდებს.

ვ. ზურაბიშვილი

ვ. სვანაძე