„გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“, ოსმალეთის ხელისუფალთა მიერ 1595 ფისკალური (საგადასახადო) მიზნით შედგენილი წიგნი. იგი მნიშვნელოვანი წყაროა XVI ს. უკანასკნელი მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს სოც.-ეკონ., პოლიტ. ისტორიისა და ისტ. გეოგრაფიის არაერთი საკითხის შესასწავლად. შეიცავს ეკონ. ხასიათის მდიდარ მასალას სამხრ. საქართვ. იმ ნაწილის შესახებ, რ-იც ოსმალებმა დაიპყრეს და „გურჯისტანის ვილაიეთი" უწოდეს. დავთრის მიხედვით, გურჯისტანის ვილაიეთი 8 ადმ. ერთეულად – ლივად იყოფოდა. ესენი იყო: ახალციხის, ხერთვისის, ახალქალაქის, ჩილდირის, ფოცხოვის, პეტრეს, ფანაკისა და დიდი არტაანის ლივები. თავის მხრივ, ლივები ნაჰიეებად (რ-ნებად) იყო დანაწილებული. დასახლ. პუნქტების საერთო რაოდენობა 1160-ს შეადგენდა. როგორც დავთრიდან ჩანს, მოსახლ. ძირითადი საქმიანობა სოფ. მეურნ. იყო. თითოეული სოფლისათვის მოცემულია გადასახადის საერთო რაოდენობა. შემდეგ ჩამოთვლილია გადასახადთა სახეები და აღნიშნულია თანხა. მოსახლ. ძირითადად სოფ. მეურნ. ერთი და იმავე პროდუქტებითაა დაბეგრილი. სხვადასხვა მიზეზის გამო გურჯისტანის ვილაიეთის 53 სოფელი საერთო აღწერის გარეშე იყო დარჩენილი და არ ექვემდებარებოდა ოსმ. საგადასახადო სისტემას. დავთარში მრავლად გვხვდება ოსმ. მიწისმფლობელობისათვის დამახასიათებელი ტერმინები: ვაკუფი, თიმარი, ზიამეთი, რაც სამცხე-საათაბაგოში ოსმალური ინ-ტების შემოღებაზე მიუთითებს.
აქ წარმოდგენილი ცნობები საგვარეულო სამემკვიდრეო საკუთრების შესახებ სანდო წყაროა ოსმ. გადასახადებისა და საგადასახადო სისტემის შესასწავლადაც. გადასახადების გარდა, მასში დასახელებულია გამოსაღებელი საქონელზე, სას.-სამ. პროდუქტზე, წისქვილზე, კომლზე, აგრეთვე საქორწინო გამოსაღები და სხვ. აღნიშნულია სხვადასხვა საბეგრო ვალდებულებაც. დავთარი ყურადღებას იქცევს პალეოგრაფიული და ლინგვ. თვალსაზრისითაც. გამოსცა, თარგმნა და კომენტარები დაურთო ს. ჯიქიამ (წგ. 1–3, 1941–58).
ლიტ.: გ ა მ ყ რ ე ლ ი ძ ე გ., „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი" როგორც დემოგრაფიულ-ტატისტიკური ძეგლი, «თსუ შრომები», 1948, ტ. 34; სვანიძე მ., სამცხე-საათაბაგოს ადმინისტრაციული დაყოფა და სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" მიხედვით, იქვე, 1967, ტ. 121. აღმოსავლეთმცოდნეობის სერია, 7; შენგელია ნ., ოსმალური გადასახადები და ვალდებულებანი „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" მიხედვით, იქვე, 1960, ტ. 91. აღმოსავლეთმცოდნეობის სერია, 2; Тверитинова А. С., Аграрный строй Османской империи XV–XVII вв., М.,1963; Fekete L., Arbeiten der grusinischen Orientalistik auf den Gebieten der tűrkischen und persischen Paläographie und die Frage der Formel sőzűműz, «Acta orientalia Academiae scientiarum Hungaricae», 1957, t.7, fasc. 1.
ნ. შენგელია