„გურჯუსტანი“ („საქართველო"), ყოველკვირეული დამოუკიდებელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი აზერბაიჯანულ ენაზე. დაარსდა 1921 თბილისში „კომუნისტის" სახელწოდებით. რამდენჯერმე შეიცვალა სახელი: „იენი ფიქირი" („ახალი აზრი", 1922), „იენი ქენთი" („ახალი სოფელი", 1927–38), „სოვეტ გურჯუსტანი" (1938-იდან). 1946–60 გაზეთი არ გამოდიოდა. იყო საქ. კპ ცკ-ის, საქ. სსრ უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ორგანო. 1990-იდან "გ." ჰქვია. სხვადასხვა დროს რედაქტორები იყვნენ ცნობილი საზ. მოღვაწეები, მწერლები, მეცნიერები: მ. ნასირი, მ. მურადოვი, ყ. ყულიევი, მ. რასულ-ზადე, ჰ. საბრი, მ. ჰუსეინოვი, თ. ჯაფარლი. 1972-იდან დღემდე გ-ს რედაქტორია ს. სულეიმანოვი. გაზეთი აშუქებს საქართვ. სოც.-პოლიტ. ცხოვრების, ეკონომიკის, ბიზნესის, კულტურის, აზერბ. და ქართვ. მოსახლეობის ურთიერთობის, დამოუკიდებელი სახელმწ. მშენებლობის და სხვა საკითხებს. 1972 "გ." დაჯილდოვდა "საპატიო ნიშნის" ორდენით.