ენათმეცნიერების ინსტიტუტი

ენათმეცნიერების ინსტიტუტი ა რ ნ ო ლ დ  ჩ ი ქ ო ბ ა ვ ა ს  ს ა ხ ე ლ ო ბ ი ს ა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. დაარსდა 1936 აკად. ნ. მარის სახ. ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის (ენიმკი) ბაზაზე. 1941-იდან, საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის დაარსებასთან დაკავშირებით, „ენიმკის" გაყოფის შემდეგ ჩამოყალიბდა „აკად. ნ. მარის სახელობის ენის ინსტიტუტი", რ-საც 1950-იდან ე. ი. ეწოდა. 1988 მიენიჭა არნ. ჩიქობავას სახელი. 2006-იდან ინ-ტი გახდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ინ-ტის დირექტორები იყვნენ: ს. ჯანაშია (1941–43), ვ. თოფურია (1943–49), გ. ს. ახვლედიანი (1949–50), არნ. ჩიქობავა (1950–52), ი. გიგინეიშვილი (1952–53), ქ. ლომთათიძე (1953–63, 1975–87), ვ. ფანჩვიძე (1963–75), ბ. ჯორბენაძე (1987– 93), გ. კვარაცხელია (1993–2006), ლ. ეზუგბაია (2006-იდან). ინ-ტის ძირითადი მიმართულებაა ქართ. ენის შესწავლა როგორც ნორმატიული, ისე ისტ. თვალსაზრისით, სხვა ქართველური (მეგრულ-ჭანური, სვანური) და მთის იბერიულ-კავკ. (აფხაზურ-ადიღური, ნახური, დაღესტნური) ენების – მათი ფონეტიკის, გრამატ. სტრუქტურის, სინტაქსის, ლექსიკისა და დიალექტოლოგიის საკითხების კვლევა სინქრონიულ და დიაქრონიულ ასპექტში, აგრეთვე ტიპოლოგიური თვალთახედვით ამ ენათა სხვა ჯგუფის ენებთან კონტაქტები და ამ თვალსაზრისით თანამედროვე ზოგადი ენათმეცნ. ძირითადი პრობლემატიკა. ინ-ტის სტრუქტურული ერთეულებია: ზოგადი ენათმეცნიერების, ქართველური ენების, მეტყველების კულტურის, ლექსიკოლოგიის, სამეცნ. ტერმინოლოგიისა და თარგმნითი ლექსიკონების, მთის იბერიულ-კავკ. ენების, ენობრივ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავებისა და სამეცნ. ინფორმაციის განყ-ბები. 2006-მდე მუშაობდა ექსპერ. ფონეტიკის, ისტ.-ეტიმოლოგიური ლექსიკონის, ონომასტიკის პრობლემური კვლევის, ქართველურ ენათა დიალექტოლოგიური ატლასის, ზოგადი ენათმეცნ. განყ-ბასთან არსებული კომპიუტერული ლინგვისტიკის, ქართველურ ენათა (ზუგდიდის) ლაბორატორიები და ენციკლოპედიისა და ინფორმაციის ჯგუფი. ე. ი-ის ძირითადი სამეცნ. პერიოდული ორგანოა „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება" (დაარსდა 1946); აგრეთვე: „ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები", „ქართული სიტყვის კულტურის საკითხები", „ეტიმოლოგიური ძიებანი", "ქართველოლოგიური კრებული", "დიალექტოლოგიური კრებული", „თანამედროვე ზოგადი ენათმეცნიერების საკითხები". ინ-ტის ბაზაზე საქართვ. მეცნიერებათა აკადემია გამოსცემდა საკავშ. პერიოდულ ორგანოს „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეულს" (დაარსდა 1974, ბოლო ტ. – 2003). 1950–64 ე. ი-მა გამოსცა „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" რვატომეული (1971, საქ. სსრ სახელმწ პრემია); გრძელდება მუშაობა ლექსიკონის ახალ რედაქციაზე (2007 დაიბეჭდა I, ხოლო 2010 – II ტ.), ამავე ინ-ტის გამოცემულია რამდენიმე ასეული მონოგრაფია, კრებული, სხვადასხვა სახის ლექსიკონები. ინ-ტში 2007-მდე მუდმივად ფუნქციონირებდა სადისერტაციო საბჭო, რ-იც ანიჭებდა საკანდიდატო და სადოქტორო სამეცნიერო ხარისხებს როგორც ქართველ, ისე უცხოელ მაძიებლებს ზოგადი ენათმეცნიერების, ქართული ენის, ქართველური ენებისა და იბერიულ-კავკასიურ ენათა სპეციალობით. ე. ი-ს უწყვეტი კონტაქტი აქვს უცხოეთის სხვადასხვა სამეცნ. ცენტრებთან.

ლიტ.: ლ ო მ თ ა თ ი ძ ე  ქ., ენათმეცნიერების ინსტიტუტი ოქტომბრის რევოლუციის 60 წლისთავზე. – «მაცნე » (ენისა და ლიტ. სერია), 1977, N3; საქართვ. მეცნ. აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის გამოცემათა ბიბლიოგრაფია (1936–1972). – «იკე», XIX, თბ., 1974; XXX, თბ., 1991.

გ. თოფურია