თურქმანჩაის ზავი

თურქმანჩაის ზავი,ზავი რუსეთსა და ირანს შორის. დაიდო 1828 წ. 10 (22) თებერვალს სოფ. თურქმანჩაიში (თავრიზის მახლობლად). ამ ზავით დასრულდა რუსეთ-ირანის 1826–28 ომი. რუსეთის შემადგენლობაში შევიდა ერევნისა და ნახჭევანის სახანოები (აღმ. სომხეთი). რუსეთს დარჩა უპირატესი უფლება კასპიის ზღვაზე ჰყოლოდა სამხ. ფლოტი. ირანს დაეკისრა 20 მლნ. მან. კონტრიბუცია. თ. ზ-მა განამტკიცა რუსეთის მდგომარეობა სამხრ. კავკასიაში და შეასუსტა ინგლისის პოზიციები ირანში. რუსეთს საშუალება მიეცა გადაეჭრა საქართველოს ისტ. ტერიტორიის – ჭარ-ბელაქნის საკითხი (ჭარი ირანის საყრდენი იყო რუსების წინააღმდეგ ომში). 1830 რუს. ჯარმა ჭარ-ბელაქანი ბრძოლით აიღო და იქ რუს. მმართველობა შემოიღო (იხ. საინგილო). თ. ზ-ს მტრულად შეხვდნენ ირანის მმართველი წრეები. მათი ანტირუსული პროპაგანდის შედეგი იყო თეირანში რუს. მისიის დარბევა და ა. გრიბოედოვის მკვლელობა 1829 წ. 30 იანვარს.

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.