თხაწართხალა

თხაწართხალა, (Chamaenerium angustifolium), ბალახოვანი მცენარე ონაგრასებრთა ოჯახისა. აქვს მომრგვალო ან ოდნავ წიბოებიანი 50–150 სმ სიმაღლის დაუტოტავი ღერო, მორიგეობით განლაგებული მოგრძო ან ხაზურ-ლანცეტისებრი მჯდომარე ან მოკლეყუნწიანი ფოთლები (ფოთლის ზედა მხარე პრიალა და მუქი მწვანეა, ქვედა – მოლეგო და ბადისებრ დაძარღვული), მრავალყვავილიანი, კენწრულ მტევნებად შეკრებილი მეწამული ყვავილები, მრავალთესლიანი, კოლოფა ნაყოფი. გვხვდება საქართვ. ყველა მაღალმთიან რ-ნში. იზრდება მთის ზედა და სუბალპ. სარტყლის ტყეებში, მდელოებზე, ტყის პირებსა და ნაკაფ ადგილებში, დაჩრდილულ და ტენიან ხეობებში. ახასიათებს ხანგრძლივი ყვავილობა (ივნისიდან–აგვისტომდე). ყვავილი გამოირჩევა ნექტრის სიუხვით, ფესვი ტკბილია და გამოიყენება საჭმელად; შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს.