გიორგიწმინდა

გიორგიწმინდა VIII–IX სს. ერთნავიანი ეკლესია სოფ. თმოგვის მახლობლად (ასპინძის მუნიციპალიტეტი), ნასოფლარ გიორგიწმინდაში. ეკლესია დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. გარედან კედლები შემოსილია კარგად გათლილი ქვის, თანაბარი ზომის კვადრებით; შიგნით ასეთივე წყობითაა ამოყვანილი კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები. დანარჩენი კედლები უხეშად გათლილი ქვითაა ნაგები. ეკლესიას აღმ-ით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. საკურთხევლის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. გრძივი კედლები ორორი კედლის თაღითაა დანაწევრებული. შესასვლელი სამხრ. კედლის დას. ნაწილშია, ამ მხრიდანვე ეკლესიას მთელ სიგრძეზე გასდევდა სტოა. ეკლესიის სამხრ.-აღმ-ით, ფერდზე, შემორჩენილია ქვასვეტის (სტელის) უხეშად თლილი ბაზისი. იქვეა სტელა. იგი ბაზალტის ქვაშია გამოკვეთილი, მოკლებულია მორთულობას, მხოლოდ ერთ მხარეს აქვს მრავალფურცლიანი ვარდული. ნ. ჩუბინაშვილი სტელას VI ს. დასასრულითა და VII ს. დასაწყისით ათარიღებს და ეკლესიის თანადროულად მიიჩნევს.

ლიტ.: ს უ რ ა მ ე ლ ა შ ვ ი ლ ი  მ., გიორგიწმინდა, «ძეგლის მეგობარი», 1986, №1; Чубинашвили Н. Г., Хандиси, Тб.,1972.

მ. სურამელაშვილი

გიორგწმინდის არქეოლოგიური ძეგლები. გიორგწმინდის სამაროვანი. თიხის სასმისები. ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევარი. დუშეთის არქეოლოგიური ბაზა.