გოგიტიძე გერმანე იოსების ძე (12. IX. 1886, ოზურგეთი, – 7. III. 1960, თბილისი), ქართული კინოწარმოების ერთ-ერთი პიონერი. უმაღლესი განათლება მიიღო საფრანგეთში (პარიზი). 1906-იდან დაუკავშირდა თეატრის მოყვარულებს. 1914 ოზურგეთში გაიხსნა მისივე თანხებით აშენებული თეატრი, რ-იც შემდეგ კინოთეატრ „ილუზიონად" გადაკეთდა. 1916 ა. წუწუნავასთან ერთად გადაიღო პირველი ქართ. მხატვრული ფილმი „ქრისტინე". 1921 სათავეში ჩაუდგა განათლების სახ. კომისარიატთან არსებულ კინოსექციას. 1923-იდან იყო „სახკინმრეწვის" დირექტორ-განმკარგულებელი. დიდი როლი შეასრულა საქართველოში კინოწარმოების განვითარებასა და პროპაგანდაში. გ-ის ძალისხმევით მოხერხდა ქართ. ფილმების უცხოეთში ჩვენება.
ა. გვენცაძე