გიურზა (Vipera lebetina), შხამიანი გველი გველგესლასებრთა ოჯახისა. საქართველოში გავრცელებულ გველებს შორის ყველაზე დიდია. მისი სიგრძე 1,5 მ აღწევს. აქვს მძლავრი კუნთოვანი სხეული. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ტანმძიმეა, სწრაფად მოძრაობს, კარგად დაცოცავს ხეებზე.
გავრცელებულია ჩრდ. აფრიკასა და სამხრ.-დას. აზიაში, ამიერკავკასიაში, დაღესტანში, თურქმენეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის უკიდურეს სამხრ. ნაწილში. საქართველოში გვხვდება ივრის ზეგანსა და ქვემო ქართლში, იშვიათად – თბილისის მიდამოებში. ბინადრობს ქსეროფიტულ ბიოტოპებში (ნათელი ტყე, მშრალი ხევები, ქვიანი და ბუჩქნარიანი ველები და სხვ.), თავშესაფრიდან გამოდის დღისით ან შებინდებისას – სეზონის მიხედვით. იკვებება ხვლიკებით, პატარა ფრინველებით და მღრღნელებით. ივნ.-ივლ-ში დებს 15-მდე კვერცხს, რ-თაგანაც 35–40 დღის შემდეგ იჩეკება 23–24 სმ სიგრძის წიწილები.
საქართველოში გავრცელებულ გველებს შორის გ-ს ყველაზე ძლიერი შხამი აქვს. მისი ნაკბენი სახიფათოა ადამიანისა და ცხოველებისათვის. გ-ს რა ოდენობა საგრძნობლად შემცირებულია. შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში".
თ. მუსხელიშვილი