გიორგი ოსტატი, XVIII ს. დასასრ. და XIX ს. დასაწყ. ქართველი ოსტატი. 1811 სოფ. ვაშლოვანში (ახლანდ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) ააშენა კოშკი. მოხსენიებულია კოშკის წარწერაში „ოსტატი ამისა გიორგი". იგივე წარწერა გვაცნობს კოშკის მფლობელსაც: „კოშკი ავაგე სალხინოდ მე თამაზ ორბელიანმა..."
გეგმით მრგვალი კოშკი ნაშენია რიყის ქვითა და აგურით, აღჭურვილია სათოფურებით. შემორჩენილია 3 სართული (ყოველ მათგანში თითო ოთახია). სოფლისკენ მიქცეულ მთავარ სამხრეთის ფასადზე ერთიმეორის ზემოთ მოთავსებულია ორი ღრმა თაღი, ერთში კოშკის შესასვლელია, მეორეში – საცხოვრებელი დარბაზის აივნის კარი, ხოლო მის თავზე – საგანგებოდ ჩასმულ ყვითელ ქვაზე, ორბელიანების გერბი და წარწერაა. კოშკის საერთო პროპორცია, მისი გარეგნული სახე, ტექ. შესრულების რომ კოშკის ამშენებელი გამოცდილი და დახელოვნებული ოსტატი იყო. იგი გვიანფეოდ. ხანის ხუროთმოძღვრულ ტრადიციებზე ყოფილა აღზრდილი. კარგად იყენებდა ქართლ-კახეთის იმდროინდელ მშენებლობაში გავრცელებულ ცალკეულ ხუროთმოძღვრულსა და დეკორ. მოტივებს. მიუხედავად იმისა, რომ მრგვალი კოშკის თემა XVI–XVIII სს. მანძილზე მტკიცედ შემუშავებულ ფორმათა ფარგლებში იყო მოქცეული, გ. ო. ახერხებს საკუთარი სიტყვის თქმას და ვაშლოვნის კოშკს გარკვეულ ინდივიდუალობას ანიჭებს.
ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967; რ ჩ ე უ ლ ი შ ვ ი ლ ი ლ., „კოშკი სალხინოდ ნაგები", «საქ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე», 1958, ტ. 21, №1.
ვ. ბერიძე