გორი, ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ცენტრი. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარეების ლიახვისა და მტკვრის შესართავთან. ზ. დ. 580 მ. სარკინიგზო და საავტ. გზების კვანძი. თბილისიდან 76 კმ. ჰავა ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი. იცის ცხელი ზაფხული და ზომიერად ცივი ზამთარი. საშ. წლ. ტემპ-რა 10,9ºC, იანვ. –1,2ºC, აგვ. 22,5ºC. ნალექები 580 მმ წელიწადში. 49,5 ათ. მცხ. (2002; 1939 წ. – 19,6 ათ., 1959 წ. – 35,1 ათ., 1970 წ. – 48,2 ათ., 1979 წ. – 56,0 ათ., 1989 წ. – 67,8 ათ.).
გ. ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში. სახელწოდება მომდინარეობს ქალაქში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან, რ-ზეც გაშენებულია ძვ. ციხესიმაგრე (იხ. გორის ციხე). არსებობს მოსაზრება თითქოს გ-ის ძვ. სახელწოდება რეხი ან ტონთიო უნდა ყოფილიყო, რაც ისტ. წყაროებით არ დასტურდება. ჩანს, გ-ს თავიდანვე ეს სახელი ერქვა. გ-ს პირველად მოიხსენიებს ფსევდოშაპუჰ ბაგრატუნი თავის „ისტორიაში" X ს. ამბებთან დაკავშირებით, როდესაც ერთმანეთს ებრძოდნენ აფხაზთა მეფე თეოდოს III და სომხ. მეფე სუმბატ II (X ს. 70-იანი წწ.).
არქეოლ. მასალა მოწმობს, რომ ძვ. და ახ. წელთაღრიცხვის მიჯნაზე აქ უნდა არსებულიყო ქალაქური ტიპის დასახლება. გ-ის ტერიტორიაზე გამოვლენილი არქეოლ. ძეგლებიდან უძველესია ადრინდ. ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი კვერნაქზე. მტკვრის პირას, ადგილ ღამბარეულზე (ჯიგრაშენი) მიკვლეული კერამიკა ტიპობრივია ძვ. წ. III ათასწლ. მტკვარ-არაქსის კულტურისათვის. 1850 აღმოჩენილია პართული დრაქმების განძი, XX ს. დასაწყისში – კოლხური სტატერი (ძვ. წ. III–I სს.) და ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრას და ანტონიუსის მოჭრილი მონეტა, 1939 – ძვ. წ. I ს. ქალის ქანდაკების ფრაგმენტი, 1940 – სამი საფლავი [ერთში ადამიანის დაშლილ ჩონჩხთან ერთად იყო პართიის მეფის გოტარზესის (ახ. წ. I ს.) ვერცხლის დრაქმა, მძივები, ლითონის სამკაულები, თიხის ჯამი]. ერთ-ერთ საფლავში აღმოჩნდა აგრეთვე მინისა და თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს ზანზალაკი. 1946 გ-ის ციხის ჩრდ. ფერდობის მოზვავებისას გამოჩნდა ძვ. ციხის კედლის ნაშთი და კერამიკის ნატეხები. კედელი ნაშენები იყო თლილი ქვით და ალიზით. აღმოჩენილი მასალა ძვ. წ. I ათასწლ. დასასრულითა და ახ. წ. დასაწყისი საუკუნეებით თარიღდება.
VI ს. დასაწყისიდან გ., სხვა ქართ. ანტ. ქალაქების მსგავსად, დაკნინდა და დიდი ხნის განმავლობაში იყო მცირე დასახლებული პუნქტი. IX–X სს-იდან გ-ის გამოცოცხლება და თანდათან დაწინაურება დაიწყო, რამდენადაც ქალაქი უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ და ეკონ. გზათა გადაკვეთაზე მდებარეობდა და მისი დაუფლება ნიშნავდა პოლიტ. ბატონობას შიდა ქართლზე.
გ-ის აღდგენა-განახლებისა და მისი ქალაქად გადაქცევის საქმეში უდიდესი როლი შეასრულა დავით IV აღმაშენებელმა. ქვეყნის გაერთიანების შემდეგ, 1124, მან თურქთა ბატონობისაგან გათავისუფლებული სომხეთის ერთი ნაწილი ქ. ანისთან ერთად საქართვ. შეუერთა. თავიანთი სურვილითა და დავით IV-ის ბრძანებით საქართველოში წამოყვანილი სომეხ ვაჭარხელოსანთა ერთი ნაწილი გ-შიც დაასახლეს. მეფის მიერ გ-ის ხელახალი გაშენება იმითაც უნდა ყოფილიყო ნაკარნახევი, რომ ქვეყნის გაერთიანების შემდეგ დიდი მნიშვნელობა მოიპოვა გ-თან გამავალმა გზებმა. ოქროს ურდოს ყაენის ბერქას (1209–66) მიერ დევნილი მრავალი ოსი ჩრდ. კავკასიიდან საქართველოში ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით 1263, ხოლო ფარსადან გორგიჯანიძის მიხედვით 1268–69 გადმოვიდა და მეფე დავით VII ულუს თავშესაფარი სთხოვა. დავითმა ოსებს მონღოლებთან უშუამდგომლა, არსებობის საშუალება გაუჩინა („ხარაჯა მისცა") და თავის მოლაშქრეებად განაწესა. 1291 ოსებმა ისარგებლეს ქართლის ხელისუფლებისა და ჯარის მონღოლთა ლაშქრობაში წასვლით და „იწყეს ოვსთა ოხრებად, ხოცად, და რბევად, და ტყუენვად ქართლისა, და ქალაქი გორი წარტყუენნეს და თვსად დაიჭირეს ოვსთა". ოსებისაგან შევიწროებულმა ქართველებმა 1292 სცადეს გ-ის განთავისუფლება, მაგრამ მონღოლების მხარდაჭერით ოსები გ-ში დარჩნენ. მხოლოდ გიორგი V ბრწყინვალემ, XIV ს. I მეოთხედში, გაათავისუფლა იგი 1400 გ. თემურლენგმა აიღო, 1465 დაიკავა იმერეთის ერისთავმა ბაგრატმა (ქართლის მეფე ბაგრატ VI ), 1477 ქალაქი გაძარცვა აყყოიუნლუს მბრძანებელმა უზუნჰასანმა. 1510, მცირე ხნით გ-ს იმერეთის მეფე ალექსანდრე II დაეუფლა. 1518 დაიპყრო შაჰ ისმაილ I-მა, 1556 აიღო ირანის შაჰმა თამაზ I-მა. XVI ს. 50- იან წლებში ქალაქში ქართლის მეფე სიმონ I-ის რეზიდენცია იყო. 1557 გ. ყიზილბაშებმა დაარბიეს, 1578 ოსმალებმა სანჯაყად (ე. ი. სადროშოდ) და ქართლში თავიანთი ბატონობის პლაცდარმად აქციეს. სიმონ I-მა 1578–79 (სავარაუდოდ, 1584 წელსაც) გ. დროებით გაათავისუფლა. 1599 სიმონ I მოულოდნელად დაესხა თავს გ-ს და ციხე კვლავ აიღო. 1614 ზაფხულში ირანის შაჰმა აბას I-მა დანგრეული გ-ის ციხე აღადგინა და ყიზილბაშთა გარნიზონი ჩააყენა. იმავე წელს თეიმურაზ I-მა და ლუარსაბ II-მ მცირე ხნით გ-ს შეაფარეს თავი, აქვე ეახლა ლუარსაბი შაჰ აბასს. 1628 (I. VI) ავგუსტინელმა ბერებმა ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილი გ-ში მოიტანეს და თეიმურაზ I-ს გადასცეს. 1631 ზურაბ ერისთავმა გ. გაძარცვა.
გ-ის ისტ. მნიშვნელოვანი ეტაპი როსტომ მეფის ხანას (1632–58) უკავშირდება – 1633 იგი გ-ში ყიზილბაშთა დიდი ჯარით შევიდა და ქალაქი თავის მთავარ დასაყრდენად აქცია ქართლის ფეოდალების დასამორჩილებლად და თეიმურაზ I-ის წინააღმდეგ საბრძოლველად. აქვე იქორწინა (1634) მან ლევან II დადიანის დაზე, მარიამზე. როსტომმა აღადგინა გ-ის ციხე, ააშენა „ყიზილბაშთა რიგის" სასახლე, რ-საც „წალკოტ-სავარდიანი" ბაღი და უზარმაზარი წყლიანი აუზები ამშვენებდა. გ-ს თავს აფარებდა (1690) იმერეთის მეფე ალექსანდრე IV . იმავე საუკუნის 90-იან წლებში, თითქმის ორი წლის განმავლობაში გ. ალყაში მოაქციეს ერეკლე I-ის წინააღმდეგ მებრძოლმა გიორგი XI-ის მომხრეებმა. იგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ციხე- ქალაქი იყო ვახტანგ VI-ის დროსაც. ვახტანგმა აღადგინა როსტომ მეფის აშენებული სასახლე. 1712 იმერეთის მეფე გიორგი VI-თან ბრძოლაში დამარცხებულმა მამია III გურიელმა გ-ს გარკვეული დროით შეაფარა თავი. გ. დიდად დაზიანდა ე. წ. „ოსმა ლობისა " და „ყიზილბაშობის" დროს (XVIII ს. 20–30-იანი წლები). გ-იდან ებრძოდნენ ყიზილბაშები გ. ა. ამილახვარს (1742–45). 1745- იდან (ცნობილი არაა როდემდე) გ-ში შაჰის მიერ გამოგზავნილი ავღანთა ჯარი იდგა. გ-იდან ებრძოდნენ თეიმურაზ II და ერეკლე II ქართლში შემოსეულ ლეკებს. 1756 აქედან გაემგზავრა რუსეთს ქართველთაგან შერისხული ანტონ I კათოლიკოსი. 1758 გ-ში გაფორმდა ურთიერთდახმარების ხელშეკრულება ერეკლე II-სა და სოლომონ I]-ს შორის. 1769 გ. ტოტლებენის მიერ საქართველოში შემოყვანილი რუსთა ჯარის ერთი ნაწილი გ-ში დაბანაკდა. 1770 ასპინძიდან წამოსულმა ტოტლებენმა გ-ის აღება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. 1786 აქ იმყოფებოდა იმერეთის მეფე დავით II ერეკლე II-სთან მოსალაპარაკებლად. რუსეთთან შეერთებამდე გ. სამეფო ქალაქი იყო და მას განაგებდნენ მეფის მიერ დანიშნული მოხელეები: მოურავი, ციხისთავი, მამასახლისი, ნაცვალი, ქედხუდა, მებაჟე, ქალაქის მწერალი ანუ „მუშრიბი", ქალაქის მდივანბეგი. 1801 წ. 16 თებ. მანიფესტით ქართლის მთავრობა, თავისი „პროვინციული" კანცელარიითა და ვიცეგუბერნატორით გ-ში იმყოფებოდა. მმართველობის ამ ფორმამ მცირე ხანს იარსება – შეცვალა სამხედრო კომენდატმა, რ-საც სამოქალაქო სასამართლო უფლებაც მიენიჭა.
1802 წ. 25 მაისიდან გ. სამაზრო ქალაქად გადაიქცა, სადაც გაიხსნა სამაზრო საკრებულო, მაზრის სასამართლო, მაზრის ხაზინა, სატელეგრაფო სადგური (ამოქმედდა 10. VIII. 1860), ფოსტის კანტორა, სააქციზო სამმართველო, საავადმყოფო (1901-იდან), აფთიაქი (1830-იდან), მაზრის სატუსაღო. გ-ში შტაბბინა დაიდო კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადამ.
1876 გ-მა თვითმმართველობა მიიღო. 1881 სათათბიროს მიენიჭა ქალაქისთავის არჩევის უფლება. შეიქმნა საზ. ორგანიზაციები: საზოგადო საკრებულო (1874), გორის მაზრის მომხმარებელთა საზოგადოება (1882), გ-ის საურთიერთობო ნდობის საზოგადოება (1907), საზ-ბა „მანდილოსანი” (1913-იდან).
1873-ში პირველად გ-ში ჩამოყალიბდა ხალხოსანთა ფარული ორგანიზაცია. გ-ში არსებობდა „თავისუფლად მოაზროვნეთა სადუმლო წრე" (1879). XIX–XX სს. მიჯნაზე იქმნება პირველი სოციალ-დემოკრ. წრეები, რ-ებიც დაკავშირებულია ი. სტალინის, ვ. კეცხოველის, მ. დავითაშვილის და სხვათა სახელებთან. 1905–07 წლების რევ. დროს გ. საქართველოში რევ. მოძრაობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად იქცა. 1917 მაისში გ-ში გაფორმდა ბოლშევიკების არალეგალური დამოუკიდებელი ორგანიზაცია. 1921 წ. 1 მარტს გ. წითელი არმიის ნაწილებმა დაიკავეს, შეიქმნა დროებითი რევ. კომიტეტი.
ფრანგი მოგზაურის ჟ. შარდენის ცნობით, XVII ს. 70-იან წლებში გ. მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. XVII–XVIII სს-ში გ-ში ჩანს ხელოსნური ორგანიზაციები – ამქრები. XIX ს. დასასრულს იყო 12 ამქარი, სადაც გაერთიანებული იყო 800-ზე მეტი ოსტატ-ხელოსანი. სავაჭრო ამქრებიდან ცნობილი იყო: მიკიტნების, ბაყლების და მეწვრილმანეთა ამქრები.
ისტ. წყაროების მიხედვით, გ. გვიანდ. ფეოდ. ხანაში კულტ.-საგანმან. და კათოლიციზმის პროპაგანდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა გახდა. XIII ს. 20-იანი წლებიდან XVI ს. დასასრულამდე საქართველოში ფრანცისკელები და დომინიკელები მოღვაწეობდნენ. დასახელებული კათოლ. ორდენების გ-ში საქმიანობაზე პირდაპირი ცნობები არ გაგვაჩნია, მაგრამ მათი ყოფნა სავარაუდოა. XVII სიდან მოდიან ავგუსტინელები და თეატინელები. ავგუსტინელები გ-ში იმყოფებოდნენ 1628-იდან 1637-მდე. წასვლისას მათ თავიანთი ეკლესია ჩააბარეს თეატინელებს, რ-ებიც გ-ში მოვიდნენ 1628 წ. 14 დეკ. გ-იდან დაიწყო 1713 ს.-ს. ორბელიანის მოგზაურობა ევროპაში.
აქაურ კულტ. ტრადიციებზე აღზრდილი ზოგიერთი მწერალი სხვაგანაც ეწეოდა საგანმან. საქმიანობას. ასეთები იყვნენ: ფარსადან გორგიჯანიძე, ფეშანგი ფაშვიბერტყაძე (ხითარიშვილი), პირველი ქართვ. დისერტანტი დავით ტულუკაშვილი (XVIII ს.), პოეტი სტეფანე ფეშანგიშვილი (XVIII–XIX სს.), კალიგრაფი დიმიტრი ოქროაშვილი (XVIII–XIX სს.) და სხვ. არსებითად გ-ის ლიტ. ტრადიციებზე აღიზარდა მწიგნობარ თუმანიშვილთა მთელი თაობაც.
გ-ში არსებობდა: სასულიერო (1817-იდან; სხვადასხვა დროს სწავლობდნენ ი. გოგებაშვილი, ი. სტალინი, ლ. კეცხოველი, ს. 115 მგალობლიშვილი, ნ. ლომოური, კ. მამაცაშვილი, ნ. ხიზანიშვილი და სხვ.), სამაზრო ანუ სახალხო (1830-იდან; 1880-იდან გადაკეთდა საქალაქო სასწავლებლად), სომხურ-გრიგორიანული (1861) და სახელოსნო (1869) სასწავლებლები; სამასწავლებლო სემინარია (1876; სემინარიაში აღიზარდნენ: ვაჟა-ფშაველა, ლ. აღნიაშვილი, ალ. ნათაძე, ივ. ავალიშვილი, ნ. რაზიკაშვილი, თ. რაზიკაშვილი, ივ. გიუნაშვილი, ტ. მამალაძე, ნ. ჯანაშია, თ. ხუსკივაძე და სხვ.), ქალთა სასწავლებელი (1877; გაანადგურა ხანძარმა), ქალთა (1882) და ვაჟთა (1910; 1915 გადაკეთდა გიმნაზიად, 1922 წელს შეუერთდა ქალთა ჰუმანიტარულ ტექნიკუმს და შეიქმნა გ-ის ჰუმანიტარული ტექნიკუმი) პროგიმნაზიები. XIX ს. 50-იანი წლებიდან გაიხსნა კერძო პანსიონები.
1865 წ. 26 ივლ. გ-ში დაარსდა თეატრი. 1874 შეიქმნა „სცენისმოყვარულთა წრე", 1876 – „სცენისმოყვარულთა საზოგადოება", 1880 – მოწაფეთა დრამატული წრე, 1883 – „ქართული ისტორიისა და ლიტერატურის შემსწავლელი საზოგადოება", 1909 – „სახალხო თეატრი". გ-ში 1889 დაიბეჭდა პირველი წიგნი, 1912 დაარსდა ქართვ. გამომცემელთა ამხანაგობა „ქართლი". XIX ს. დასაწყისში გ. ციხის ფერდობებზე იყო შეფენილი. ფოთი–თბილისის რკინიგზის გაყვანის შემდეგ (1872) ქალაქი სამხრ. მიმართულებით განაშენიანდა და მტკვრის მეორე ნაპირიც მიიერთა.
XIX ს. გეგმაზე მაინც ჩანს გ-ის გარკვეული სქემა – უმთავრესი ღერძია საბაზრო ქუჩა, რ-იც მთის ძირს მიუყვება და ქმნის უწყვეტ რკალს. მის სამხრ-ით და აღმ-ით ჩანს კონცენტრული მიმართულების ქუჩებიც, მაგრამ ისინი უწყვეტ ხაზს ვერ ქმნიან. მოკლე რადიალური ქუჩები მთის ძირიდან სხივებად იშლება. კ. კასტელის XVII ს. ნახატის მიხედვით მთის ფერდობზე მდგარა ერთი ეკლესია, XIX ს. დასაწყ. გეგმაზე კი ბაზრის ქუჩის კონცენტრულ ხაზზე განლაგებულია რამდენიმე ეკლესია. 1802-თვის გ-ში არსებობდა: მართლმადიდებელი ქართული – გიორგი ძლევამოსილის, ღვთისმშობლის ხარების, ღვთისმშობლის მიძინების (იგივე მთავარანგელოზის), გ-ის ღვთისმშობლის, იოანე ნათლისმცემლის ეკლესიები, დედოფლისად წოდებული უსახელო ეკლესია ამილახვრების სახლში, ღვთისმშობლის (ოქონის) ტაძარი; სომხური – ღვთისმშობლის მიძინების, წმ. სტეფანეს (დაინგრა XIX ს. I მეოთხედში), ქრისტეს აღდგომის, თუმანიანთ (თუმანიშვილების) ყოვლადწმინდის ეკლესიები და კათოლიკეთა სამლოცველო სახლი. ეკლესიების უმრავლესობა განადგურდა ან სერიოზულად დაზიანდა 1920 მიწისძვრის შედეგად. დაზიანებული ეკლესიები კომუნისტებმა დაანგრიეს.
XIX–XX სს. საცხოვრ. სახლები ძირითადად ე. წ. „ევროპული სტილისა" და ქართ. არქიტ. ელემენტების შერწყმის თვალსაჩინო ნიმუშებია.
1934-იდან დაიწყო ქალაქის დაგეგმარებისა და რეკონსტრ. გენ. გეგმის შედგენა (არქიტ. მ. ნეპრინცევი), რ-იც 1939 დაასრულეს (ლ. სუმბაძე, ბ. ლორთქიფანიძე). ქალაქი მთის სამ მხარეს – სამხრ-ით, აღმ-ით და ჩრდ-ით განაშენიანდა, დას-ით, მდ. ლიახვს გაღმა არ გადასულა.
გ-ის ციხის ნანგრევებზე სხვადასხვა დროის მრავალი ფენა განირჩევა, თუმცა ძვ. ქალაქის კვალი თითქმის მთლიანად წაშლილია ახ. განაშენიანებით. არქიტ. ძეგლთაგან შემორჩენილია მხოლოდ ე. წ. ერეკლეს აბანო, კათოლიკე მისიონერთა სახლი. გ-ს თანდათან მიეცა თანამედროვე ქალაქის სახე. 1950 შედგა ქალაქის ახ. გენ. გეგმა (არქიტ.: ლ. სუმბაძე, ბ. ლორთქიფანიძე). გაფართოვდა ქუჩები, აიგო ახ. საზ. შენობები: პედ. ინ-ტი (1937, არქიტ.: მ. ნეპრინცევი, ნ. ფარემუზოვა), თეატრი (1939, არქიტ.: მ. ჩხიკვაძე , შ. თავაძე), სკოლა (1939, არქიტ. ი. ვაჩნაძე), მდ. ლიახვზე აშენდა ხიდი (1938, ს. სატუნცი). 1947 მდ. ლიახვის მარჯვ. ნაპირას დაიწყო ბამბეულის კომბინატის დასახლების მშენებლობა (არქიტ. ლ. სუმბაძე), აშენდა ი. სტალინის სახლ-მუზეუმი (1947–55, არქიტ. ა. ქურდიანი), სასტუმრო „ინტურისტი" (1947–56, არქიტ.: ა. ქურდიანი, ქ. სოკოლოვა-ფორაქიშვილი), სამეცნ.- კვლ. ინ-ტი (1956, არქიტ. მ. შავიშვილი, თანაავტორი ზ. ცქიტიშვილი) და სხვ. ქალაქში დგას გ. ერისთავის (1950, ბრინჯაო; მოქანდაკე კ. მერაბიშვილი, არქიტ. მ. ჩხიკვაძე), ნ. ბარათაშვილის (1970, ბრინჯაო; მოქანდაკე თ. ღვინიაშვილი, არქიტ. კ. ნახუცრიშვილი), ნ. ლომოურის (1982, სპილენძი; მოქანდაკე ა. შალუტაშვილი, არქიტ. ნ. პაპიაშვილი), ი. გოგებაშვილის (ბრინჯაო, მოქანდაკე ო. ფარულავა) ძეგლები, მონუმენტი „გამარჯვება" (1979, ბრინჯაო, მოქანდაკე ე. ამაშუკელი, არქიტ. ვ. დავითაია).
გ. შიდა ქართლის სამრეწვ. და კულტ. ცენტრია. ტვირთბრუნვის მოცულობით, მგზავრთა გადაყვანით და მრეწვ. პროდუქციის მოცულობით იგი ერთ-ერთ პირველ ადგილზეა საქართველოში.
გ-ის სამრეწველო საწარმოებიდან ყველაზე დიდი ხვ. წილი მოდის კვების მრეწველობაზე, რ-იც წარმოდგენილია პურ-პროდუქტების, ღვინის, უალკოჰოლო სასმელებისა და საკონსერვო (სააქციო საზბა „გორკონი", შპს „გორის ბავშვთა კვების საკონსერვო ქ-ნა") საწარმოებით. კვების მრეწვ. სხვა დარგებიდან აღსანიშნავია ხორცისა და რძის გადასამუშ. საწარმოები. გ-ში ფუნქციონირებს საწარმოო გაერთიანება „დილა". მსუბუქი მრეწვ. საწარმოებიდან აღსანიშნავია სააქციო საზ-ბა „ლაინი" (ყოფ. გორის ბამბეულის საფეიქრო-სამკერვალო საწარმოო გაერთიანება).
2011 წლის მონაცემებით გ-ში იყო სკოლამდელი დაწესებულებები, საჯარო და კერძო სკოლები, გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე, ნორჩ ტექნიკოსთა სადგური, სპორტ., სამუსიკო და სამხატვრო სკოლები, პროფტექ., სამედ. და სამუსიკო სასწავლებლები, გ-ის უნ-ტი, მცირე აკადემია, ბ-კები, ს. მაკალათიას სახ. გორის ისტ.- ეთნოგრ. მუზეუმი, გ. ერისთავის სახ. სახელმწ. დრამ. თეატრი, სამედ. დაწესებულებები, კულტ. და დასვენების პარკი, ავტოკემპინგი. ამჟამად გ-ში მოქმედებს ღვთისმშობლის შობის საკათედრო, ხარების, ყოვლადწმინდა სამების, ივერიის ღვთისმშობლის, ღირსი მამა გიორგი მთაწმიდლის და წმ. ნიკოლოზის ტაძრები, ქართვ. ებრაელთა სინაგოგა. შენდება აღდგომის საკათედრო ტაძარი
2008 აგვისტოში რუს. აგრესიის შედეგად გ-მა სერიოზული ზარალი განიცადა – განადგურდა საცხოვრებელი სახლები, საყოფაცხოვრებო ნაგებობები, დაიჭრა და დაიღუპა ასობით ადამიანი.
ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე ვ., XVI–XVII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, ტ. 1, თბ., 1983; გ ვ ა ს ა ლ ი ა ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები, თბ., 1983; გ ვ რ ი ტ ი შ ვ ი ლ ი დ., გორის ისტორია, თბ., 1954; ზ ა ქ ა რ ა ი ა პ., საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები, თბ., 1973; მ ა მ ი ს თ ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ე., გორის ისტორია, I (1801 წლამდე), თბ., 1994; მ ი ს ი ვ ე, გორის ისტორია, II (1921 წლამდე), თბ., 1999; Б у х н и к а ш в и л и Г., Гори, Тб., 1952.
ი. გაგოშიძე
ჯ. გვასალია
პ. ზაქარაია
ე. მამისთვალიშვილი
ლ. მენაბდე
დ. სვანიძე