დავით გარეჯელი ერთ-ერთი ასურელი მამა (იხ. ასურელი მამები).
საქართველოში მოვიდა ქ. ანტიოქიიდან VI ს. შუა წლებში და გარეჯის კლდოვან მთებში დააარსა მონასტერი (იხ. დავითგარეჯა). თავდაპირველად დ. გ. და მისი მოწაფე ლუკიანე ბუნებრივ გამოქვაბულში დაბინავდნენ, მინდვრის ნაყოფითა და ირმის რძით საზრდოობდნენ. ირმის მოწველის ეპიზოდი შემდგომში გავრცელებული სიუჟეტი გახდა ქართ. იკონოგრაფიაში (დავითის ლავრა, ბერთუბნის მონასტერი, უდაბნოს მონასტერი და სხვ.). დ. გ. იყო მონასტრის პირველი წინამძღვარი. რუსთავის წარჩინებული მკვიდრის ბუბაქარის მატერ. დახმარებით ააგო ეკლესია, რომელიც შემდგომში ფერისცვალების ეკლესიად იწოდებოდა და სადაც დასაფლავებულია დ. გ. ზეპირი გადმოცემით დავითის სახელი უკავშირდება თბილ. მამადავითისა და ქაშვეთის ეკლესიათა ადგილებს, სადაც დავითს უცხოვრია გარეჯაში წასვლამდე.
დ. გ-ის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო ქრისტ. რელიგიის დაცვასა და განმტკიცებას, ამასთან ჯერ კიდევ შემორჩენილი წარმართი მოსახლეობის გაქრისტიანებას. დ. გ-ის ინიციატივით გარეჯის სანახებში მისმა მოწაფეებმა დოდომ და ლუკიანემ დააარსეს ახ. მონასტრები.
დ. გ. შერაცხულია წმინდანად და მისი ხსენების დღეა ამაღლების შემდგომი ხუთშაბათი.
დ. გ-ის ცხოვრება და მოღვაწეობა აღუწერიათ მისი გარდაცვალებიდან ახლო პერიოდში, VI– VII სს-ში, მაგრამ ამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია. მოგვიანებით დ. გ-ის ცხოვრება ხელახლა შეადგინეს. ცნობილია მისი ორი რედაქცია. პირველი, მოკლე რედაქცია, ეკუთვნის X ს. მეორე, მეტაფრასული, ვრცელი – XII ს.
წყარო: ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ილ. აბულაძის გამოც., თბ., 1955; ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 3, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1971.
ლიტ.: ლ ო მ ი ნ ა ძ ე ბ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები), [ტ.] 1, თბ., 1966; ს ა ბ ი ნ ი ნ ი მ., საქართველოს სამოთხე, სპბ., 1882; И о с е л и а н и П., Гора св. Давида в Тифлисе, Тфл., 1858.
ბ. ლომინაძე