გლდანის არქეოლოგიური ძეგლები

გლდანის არქეოლოგიური ძეგლები ბრინჯაოს შუბისპირი და სატევარი ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი თბილისი.

გლდანის არქეოლოგიური ძეგლები, გლდანის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლებიდან უძველესია ხევძმარის სამაროვანზე გათხრილი შუა ბრინჯაოს ხანის დასასრ. (ძვ. წ. II ათასწლ. II მეოთხედი) რამდენიმე სამარხი. სამარხთა უმეტესი ნაწილი გვიანდ. ბრინჯაოს – ადრინდ. რკინის ხანისაა (ძვ. წ. II ათასწლ. II ნახ. – ძვ. წ. I ათასწლ. I ნახ.).

ამ სამაროვნის მახლობლად, გლდანის მასივის V მიკრორაიონის ტერიტორიაზეა ამავე ხანის ე. წ. „საბატონოს სამაროვანი". აღნიშნული სამაროვნების თანადროული 2 ნასახლარი მდებარეობს მდ. ხევძმარის მარჯვ. ნაპირზე, ერთი – მდინარის კალაპოტში, ხოლო მეორე – მის დასით, ხევის შედარებით მაღალ ნაპირზე. მდ. გლდანისხევის მარცხ. მაღალ ნაპირზე, სოფ. გლდანის სასაფლაოს ახლოს და ძვ. გლდანის ტერიტორიაზე, ადგილ „ნარსელასა" და „ისმაილაზე" აკრეფილია გვიანდ. ბრინჯაოს – ადრინდ. რკინის ხანის არქეოლ. მასალა.

სასაფლაოს მახლობლად არის გვიანდ. ანტ. ხანის სამაროვანიც. ადრინდ. ფეოდ. ხანის ნასახლარი სხვადასხვა დროს აგებული ორი ეკლესიითურთ გათხრილია ადგილ „საბატონეზე" (გლდანის მასივის IV და V მიკრორაიონებს შორის). ფეოდ. ხანის ნასახლარები მიკვლეულია „ისმაილას", „ნარსელასა" და ხევძმარის სამაროვნის ტერიტორიაზე. სოფ. გლდანის ტერიტორიაზე რიყიანში 1964 ჩატარებული მიწის სამუშაოების დროს დაინგრა ქვის სამარხები. აღმოჩენილია VI–VIII სს. ნივთები: ბრინჯაოს საყურეები, ბროწეულის ყვავილის მოყვანილობის მარჯნისთავიანი რკინის საკინძები, რკინის სამაჯურის ნატეხი და სხვ.; მასალა ინახება დუშეთის არქეოლ. ექსპედ. ბაზაზე.

რ. აბრამიშვილი

ბ. ჯორბენაძე