ზარი

ზარი, ლითონის, ჩვეულებრივ, ბრინჯაოს ან თითბრის სასიგნალო საკრავი; მსხლისებრი ან წაკვეთილი კონუსის ფორმის ღრუ ხელსაწყო, შიგნით შეკიდული მოძრავი ენით, რ-ის ცემა ზ-ის კედლებზე გამოსცემს ხმას; „რვალის დიდი სარეკელი” (ს.-ს. ორბელიანი). ზ-ის რეკვით მოიხმობდნენ მოსახლეობას თავყრილობაზე, საომრად, სალოცავად. შუა საუკუნეებში ზ. ქრისტ. საეკლ. რიტუალის განუყოფელ ნაწილად იქცა. ზ-ების დასაკიდებლად ეკლესიებზე ან ეკლესიებთან საგანგებო სამრეკლოებს აშენებდნენ. ზ. მუს. ინსტრუმენტიც არის: სხვადასხვა ზომის ზ. სხვადასხვა ტონის ბგერას გამოსცემს. რაც უფრო დიდი ზომისაა ზ., მით უფრო დაბალია მისი ჟღერადობა. სხვადასხვა დანიშნულების მცირე ზომის ზ-ები (ზარაკები, ზანზალაკები, ეჟვნები) ბრინჯაოს ხანიდან მოკიდებული თითქმის მთელ მსოფლიოში იყო გავრცელებული. დას. ევროპაში დიდი ზომის საეკლ. ზ-ების ჩამოსხმა დაიწყეს VII ს-იდან. საეკლ. ზ-ები ბიზანტიაში პირველად IX ს-ში ვენეციიდან ჩამოიტანეს. იგი ფართოდ გავრცელდა XIII ს-იდან. საქართველოსა და კავკასიაში აღმოჩენილი უძველესი ზარაკები ძვ. წ. VII ს-ით თარიღდება. მათ, უპირატესად, სარიტუალო დანიშნულება უნდა ჰქონოდა. ძვ. წ. VI–IV სს. ყაზბეგის, ახალგორის, ყანჩაეთის შტანდარტებზე სხვადასხვა ზომის ცილინდრული გვერდჩაჭრილი ზარაკებია შეკიდული. ასეთივე ზარაკებს ჰკიდებდნენ ცხენებს (მკერდზე), საქონელს (საირხე, ძვ. წ. V ს.). ეს დანიშნულება მას გვიანობამდე შემორჩა. ქართ. ეკლესია XII ს-მდე მლოცველებს ძელის კვრით მოუხმობდა. ასეთი ძელები საქართვ. ზოგიერთ კუთხეში XVII ს-მდე შემორჩენილა. ჟ. შარდენის ცნობით, სამეგრელოში წმ. ძელი დაახლ. ერთი მტკაველი სიგანისა და ხუთი მტკაველი სიგრძის თხელი ფიცარი იყო და იმ ეკლესიაშიც კი, სადაც ზარიც ეკიდა, პირველად მაინც ძელს შემოჰკრავდნენ ხოლმე. საეკლ. ზ-ები საქართველოში ფართოდ გავრცელდა XIII ს-იდან. ამავე ხანით თარიღდება უძველესი ქართ. სამრეკლოები (გუდარეხი, ვარძია). თანდათან ვითარდება ზ-ების ჩამოსხმის ხელობა. XVIII ს-იდან საქართველოში დაიწყეს რუს. ზარების შემოტანა, XIX ს-ში კი ზ-ების ადგილობრივი წარმოება შეწყდა.

ძვ. ქართული ზ-ების დიდი ნაწილი ემსხვერპლა საქართველოს ავბედობას (ცნობილია, რომ შაჰ-თამაზის მოლაშქრეებს ვარძიის სამრეკლოდან ჩამოუხსნიათ ზარი, რ-ის მასა 70 ლიტრას აღწევდა), უამრავი ზარი განადგურდა XX ს. 20-იან წლებში ანტირელიგიური კამპანიის დროს. დღემდე შემორჩენილია სულ ორი ათეული ქართ. ზ., რ-თაგანაც უძველესი XV ს-ით თარიღდება. ზოგიერთ ზ-ზე შემწირველის ასომთავრული ან მხედრული წარწერაა ამოკვეთილი. ერთ-ერთმა წარწერამ შემოგვინახა XVI ს. ქართვ. ხელოსნის (ჩამომსხმელის) სახელი – ძედან თითაძე. თბილისში, ელიას მთაზე აგებული წმინდა სამების საკათედრო ტაძრის სამრეკლოზე დაკიდებულია 9 ზარი, რ-თა შორის ყველაზე დიდის – დედო-ზარის მასაა 8200 კგ. ისინი კომპოზიტორ ნ. მამისაშვილის გათვლებით შეიქმნა და გერმანიაში დამზადდა. ჩამოსხმისას გათვალისწინებულ იქნა გარკვეული სიმბოლიკის მქონე რამდენიმე ქართ. რიტუალი, XII ს. ქართ. მინანქარზე აღბეჭდილი ფორმა და, რაც მთავარია, ქართ. მართლმადიდებლური საგალობლის ტონთა მიზიდულობის პრინციპები და აკუსტიკური ველი.

ლიტ.: ცისკარიშვილი ვ., ქართული ზარები, {მაცნე}. ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1982, N1.

ი. გაგოშიძე

ნ. კალანდაძე