კავკასიის კომიტეტი, განსაკუთრებული საუწყებათაშორისო ორგანო, რომელიც 1845 დააარსა მეფის მთავრობამ კავკასიაში მმართველობის საერთო რუსული სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით. მანამდე არსებობდა რამდენიმე დროებითი კომიტეტი, რ-თაც ევალებოდათ კავკასიაში სამოქალაქო მმართველობის შემუშავება და შემოღება (1833–45).
კ. კ. გადაიქცა მუდმივ ორგანოდ, რ-იც ხელმძღვანელობდა მეფის ადმინისტრაციის სამოქალაქო საქმიანობას კავკასიაში. კ. კ-ის თავ-რე იყო სამხ. მინისტრი, გრაფი ა. ი. ჩერნიშოვი, შემდეგ – გენ.-ადიუტანტი, გრაფი ა. თ. ორლოვი; შემადგენლობაში შედიოდნენ სამხედრო, ფინანსთა, სახელმწ. ქონების, იუსტიციის, შინაგან საქმეთა მინისტრები, აგრეთვე ტახტის მემკვიდრე, ჟანდარმთა შეფი და სხვა მაღალი თანამდებობის მოხელეები. ამ ცვლილებების შედეგად გაფართოვდა მეფის მთავრობის გავლენა მთელ სამხრ. კავკასიაში. კ. კ. გაუქმდა 1882, კავკასიაში მეფისნაცვლის თანამდებობის გაუქმებასა და ახალი ადმ. წყობის შემოღებასთან დაკავშირებით.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 5, თბ., 1970; ჩ ხ ე ტ ი ა შ., რუსული მმართველობის სისტემა საქართველოში (1840–1864), «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1944, ტ. 12B.