კავკასიური კამეჩი, ინდური, ანუ მდინარის შინაური კამეჩების ჯგუფის სარძეო-სახორცე მიმართულების ჯიში. გავრცელებულია საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და დაღესტანში. კურო კამეჩის ცოცხალი მასაა 650–780 კგ, ფურკამეჩის – 400–550 კგ, ახალშობილი ზაქის – 28–32 კგ; წლიური ლაქტაციური მონაწველი – 1400–1600 კგ, უდიდესი – 3500 კგ-მდე. რძეში 8–9% ცხიმი და 4% ცილაა. კ. კ-ის რძისაგან ამზადებენ მაღალხარისხოვან პროდუქტებს: კარაქს (100 კგ რძიდან ღებულობენ 7,1 კგ), ყველსა და მაწონს. ხორცი მუქი წითელია, ქონი კი – მკრთალი თეთრი ფერის. კ. კ. კარგად იმატებს როგორც საიალაღო, ისე ინტენს. სუქებისას (დღეღამური ნამატი 1,1 კგ). ნაკლავის გამოსავლიანობა – 45–52%, ტყავი სქელია (0,6– 0,9 მმ) და მძიმე (25–50 კგ), მისი გამოსავალი 6,5–8,5%-ს შეადგენს, იყენებენ ფეხსაცმლის ლანჩად.
ლიტ.: გ ო გ ო ლ ი გ., ხ ა ტ ი ა შ ვ ი ლ ი გ., მ ა ჭ ა რ ა შ ვ ი ლ ი გ., ტ ა ბ ა ტ ა ძ ე ლ., მეკამეჩეობა, თბ., 2012.
გ. გოგოლი
ლ. სააკოვა