კავკასიური სადაფა, (Boloria caucasica, Staudinger, 1870), პეპელა სადაფების (Nymphalidae) ოჯახიდან. კავკასიაში გავრცელებულია ამ სახეობის მხოლოდ კავკასიური ფორმა, რ-იც მაღალი მთის ენდემია. წინა ფრთის სიგრძე 16–18 მმ. საერთო ფონი – მოწითალოჟანგისფერი, რ-იც უხვადაა მოხატული შავი კოპლებითა და ლაქებით. ფრთის ძირები ჩამუქებულია. ქვედა მხარე შედარებით ნათელია: წინა – მოყვითალო-ნარინჯისფერი, უკანას იისფერი ანარეკლი გადაჰკრავს და მასზე რამდენიმე სადაფისმაგვარი ლაქაა.
ნომინატიური სახეობა ფართოდაა გავრცელებული ევროპასა და აზიაში, დას. ჩინეთში ალთაის მხარემდე. ფრენს ტყის ნაპირებზე, მინდვრებში და მდინარეების ხეობებში. არ გვხვდება სტეპში. კ. ს. გავრცელებულია ყველგან.
ბინადრობს სუბალპურ და ალპურ მდელოებზე, თუმცა ზოგჯერ ქვევითაც ჩამოდის. საქართველოში გვხვდება კავკასიონის როგორც დიდ, ისე მცირე ქედებზე.
კ. ს. წელიწადში ერთ თაობას იძლევა. ფრენს დღისით, ივნის-აგვისტოში. მატლი ალპური იის (Viola) ფოთლებით იკვებება, იზამთრებს კვერცხის ფაზაში. ძირითადი მალიმიტირებელი ფაქტორია გადაჭარბებული ძოვება. შეიმჩნევა მისი პოპულაციების რიცხოვნობის შემცირება. საჭიროებს დაცვას.
ლიტ.: დ ი დ მ ა ნ ი ძ ე ე., საქართველოს პეპლები. ენდემური, რელიქტური და იშვიათი სახეობები (ქართულ და ინგლისურ ენებზე), თბ., 2005; Д и д м а н и д з е Э. А., С х и р т л а д з е И. А., Н и н у а Н. Ш. и др., О некоторых эндемичных, редких и исчезающих видах фауны Грузии: новые ориентиры к решению проблемы, Тб., 2002.
ე. დიდმანიძე